19 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
"ორჯერ მეტ ონკოლოგიურ მედიკამენტს შევიძენთ, ვიდრე ამას წინა წლების განმავლობაში შევძლებდით" - ჯანდაცვის მინისტრი მწარმოებლებთან მოლაპარაკებების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე მესამე მწარმოებელთანაც მიღწეულია შეთანხმება. მისივე თქმით, შედეგად, სახელმწიფო, სულ მცირე, ორჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შეძლებს იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რასაც წინა წლებში ხარჯავდა.

"ჩვენ შესაბამისი დისტრიბუციის ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. სანამ მოლაპარაკებები მიდიოდა უშუალოდ მწარმოებლებთან, უკვე მესამე მწარმოებელთან თითქმის ბოლომდე ამოვწურეთ მოლაპარაკებების შესაძლებლობა და, ასე ვიტყოდი, მესამე მწარმოებელთან უკვე შევთანხმდით.

მოგეხსენებათ, დეკემბრის თვეში, ორთან უკვე დავასრულეთ კონტრაქტის ხელმოწერაც და იანვრის თვიდან უკვე დაწყებულია მედიკამენტების შემოტანა. მესამე მწარმოებელთან, ვფიქრობ, დაახლოებით, 2 კვირის პერიოდში მივაღწევთ საბოლოო კონტრაქტის ხელმოწერას, ეს არის ჩვენს მიერ შესყიდული ონკოლოგიური მედიკამენტების, დაახლოებით, 60%, მაშინდელი ფასით, რა ფასადაც 2022-2023 წლების განმავლობაში ვახდენდით მედიკამენტების შეძენას, ხოლო ამ 3-5 მომწოდებელთან ინტენსიური მოლაპარაკებების საფუძველზე, ჩვენ შევძელით, რომ მიგვეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ, ორჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შევძლებთ იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომელსაც 2022-2023 და წინა წლებში ვხარჯავდით. მოგეხსენებათ, თანხებში გადაყვანილი ეს საკმაოდ დიდი შეღავათია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ისე ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან ჩვენ, მინიმუმ, ორჯერ მეტ მედიკამენტს შევიძენთ, ვიდრე ამას წინა წლების განმავლობაში შევძლებდით," - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღის ამბები