რა კავშირშია მსოფლიო ბანკის კვლევა და ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა?! - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ათი დღის წინანდელი ახალი ამბავი მსოფლიო ბანკის პოზიტიური შედეგების გადასაფარად შემოინახა. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით ევროპის საუკეთესო ათეულშია.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ვინაიდან ამ კვლევის შედეგების გამოქვეყნება ცნობილი იყო, რომ ამერიკელი პიარ კონსულტანტის, ჯერემი როზნერის მითითებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სცადა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ყოველწლიურ შემოწმებაზე საუბარი სწორედ მსოფლიო ბანკის ანგარიშის გამოქვეყნებისთვის დაემთხვია და პოზიტიური თემა გადაეფარა.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, ოპოზიცია შეეცადა ისე წარმოეჩინა, თითქოს რაიმე სკანდალური მოხდა.
"ბედოვლათმა ოპოზიციამ, რომელსაც პარტიული ტელევიზიებიც აუბამენ ხოლმე მხარს, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა. ამ მიზნით შემოაგდეს თემა, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს.
ეს ინფორმაცია ყველამ კარგად იცოდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. რატომღაც შემოინახეს და დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი დროსა და სივრცეში. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვინმე ჯერემი როზნერი, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული სატელიტური პოლიტიკური ორგანიზაციების მრჩეველი, ის აძლევს რჩევას, რომ ეს ინფორმაცია შეენახათ და შესაბამისად, იმისთვის, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა როგორმე გადაეფარათ, დღეს ყოფილიყო ამ ე.წ. სკანდალზე საუბარი, მაგრამ აქ ადამიანებს ერთი მარტივი რამ გამორჩათ - თქვენ არ გეგონოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამოწმებს. ამოწმებს ოპოზიციის წარმომადგენლებსაც და ეს ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც შემოგდებულია შესაბამისი მედია საშუალებებით, ბრიყვული რომაა აქედანაც კარგად ჩანს", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ამოწმებენ ვახტანგ მეგრელიშვილს, ალეკო ელისაშვილს, ფრიდონ ინჯიას, ცეზარ ჩოჩელს, კახა ოქრიაშვილს, კობა ნაყოფიას, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრები არ არიან.
"ეს არ არის სენსაცია, მომავალ წელსაც გადამოწმდება ასევე შერჩევით 300 და შეიძლება უფრო მეტი ადამიანი, იმის შემდეგაც და ეს ძალიან კარგია. ამისთვის შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობისა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისთვის კომისიის სხდომა 12 იანვარს გამართა.