თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტაივანთან თანამშრომლობს - თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეას" ხელმძღვანელობს, კომპანიისთვის დაფინანსებას ტაივანური ფონდისგან იღებს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობისგან ფინანსდება. ინფორმაცია ღია წყაროებითაც დასტურდება. "ტაივანის ფონდი დემოკრატიისთვის" ის ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გლობალურ დემოკრატიულ პროცესებში ტაივანის მონაწილეობის გაფართოებაა და ამისთვის სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობს.
"სამოქალაქო იდეის" კიდევ ერთი დონორია ტაივანში მოქმედი ორგანიზაცია "დაბლ სინქ ლაბ", რომლის ვებ-გვერდზეც საქმიანობის შესახებ აღწერილობაში წერია, რომ ორგანიზაცია ჩინეთის მავნე ზემოქმედების და დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ მუშაობს.
რა მიზანს ემსახურება დაფინანსება ტაივანიდან? - თინა ხიდაშელი მედიასთან ამაზე არ საუბრობს. ის "კურიერის" სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს. აღიარებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას თუ აღიარებს ტაივანს, როგორც ცალკე სახელმწიფოს? - თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან კითხვა ჯერჯერობით უპასუხოდაა დარჩენილი. თუმცა ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში თინა ხიდაშელმა უკვე გააკრიტიკა ქართულ-ჩინური ურთიერთობები.
თინა ხიდაშელის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს არც მის ოფისში პასუხობენ.
მმართველი გუნდისთვის ხიდაშელის კრიტიკის მიზეზი დაფინანსების წყაროებია. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონორი ტაივანური ორგანიზაციების ინტერესებს ატარებს და ქვეყანაში ანტიჩინურ განწყობებს სწორედ ამიტომ ლობირებს. ამ თემაზე განცხადება ჯერ კიდევ ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა.
თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" ქვეყნის შიგნით არაერთ ორგანიზაციასა თუ ინდივიდთან თანამშრომლობს. მათ შორის არიან პოლიტოლოგები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ყოფილი მინისტრის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებული არიან დეპუტატები თეონა აქუბარდია და დავით უსუფაშვილი.
უკავშირდება თუ არა "ლელოს" ანტიჩინური კამპანია ტაივანურ დაფინანსებას? - პარტიაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
პრობლემას ტაივანის დაფინანსებაში ვერ ხედავენ ვერც ის ექსპერტები, რომლებიც ხიდაშელის ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო იდეის დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია არ აქვთ.
ქვეყანაში, სადაც ერთი ჩინეთის პრინციპია აღიარებული, ტაივანის დაფინანსებული ორგანიზაციისგან ჩინეთის კრიტიკა ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამ დრომდე არ პასუხობს შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ტაიპეიში, დეკემბერში იმყოფებოდნენ. მონაწილეობა მიიღეს ერთ-ერთი დონორი ტაივანური ფონდის ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც განსახილველი თემა გეოპოლიტიკაში ჩინეთის როლი იყო.