19 სექტემბერი 2024,   04:16
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება - რა ბედი ელის მომსახურე პერსონალს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე კლინიკის მშენებლობის განკარგულებას მთავრობამ ხელი დღეს მოაწერა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვითარება რთულია და შენობის რეკონსტრუქცია შეუძლებელია. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აშენდება და არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება.

საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე იქნება აფთიაქი, სასწავლო სივრცეები და სამედიცინო ბიბლიოთეკა. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა კლინიკასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და მათთვის შეთავაზებული კომპენსაციები დღეს უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან მოისმინეს. დახურული შეხვედრის შემდეგ, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული და ანაზღაურების გარეშე არცერთი მათგანი არ დარჩება. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმებულია,
ნაწილს კი დასაქმებას არა მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, არამედ კერძო სამედიცინო დაწესებულებებშიც შესთავაზებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა, ძლიერი ქარის შედეგად, კიდევ უფრო მეტად დაზიანდა, რის გამოც თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვა პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო დაწესებულებაში დღეს არსებული პირობები შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. ამ ეტაპზე, კლინიკა ყვითელი ლენტით არის გარშემორტყმული.

ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, არსებული შენობის დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები