საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს და ამის მიზეზად კორუფციულ რისკებს ასახელებს. თბილისის საკრებულოს ფრაქციის ”თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ, რისკებისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა.
“წერეთლის გამზირის საქმემ კიდევ ერთხელ აჩვენა და ყველასთვის თვალსაჩინო გახადა, რომ კორუფცია მთავარ გამოწვევად რჩება. რისკებისგან დასაცავად, ყველაზე ეფექტიანი გზა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნაა. მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს, ჩვენ მიერ 30 აგვისტოს შეტანილი მოთხოვნის თანახმად, თბილისის მერიაში სისტემური პოლიტიკური კორუფციული ფაქტების კომპლექსური გამოძიება,“ - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
საკრებულოს უმრავლესობა კომისიის შექმნის წინააღმდეგია, რადგან, მათი განმარტებით, საკრებულოში არსებობს სარევიზიო კომისია, რომლის მთავარი ფუნქციაც დარღვევების შესწავლა და მათზე რეაგირებაა.
მმართველი გუნდის წვერების განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი მოთხოვნებით არგუმენტების გარეშე ყველა თემით სპეკულირებს და პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
"სამწუხაროდ, ჩვენს კოლეგებს აბსოლუტურად დაკარგული აქვთ რეალობის, კოლეგიალობისა და აბსოლუტურად ყველანაირი მორალური ზღვარი. მოვისმინე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენთან მიმართებაში რეპლიკები. ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ. თბილისის საკრებულოში უკვე არსებობს სარევიზიო კომისია, რომელსაც აქვს იგივე ფუნქცია, რასაც ისინი ითხოვენ, ანტიკორუფციული კომისიის ნაწილში, შესაბამისად, არ ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ ვერ გაარკვიეს ამის შესახებ და თუ მონაწილეობა უნდათ ამ კომისიის საქმიანობაში, მათ თავისუფლად შეუძლიათ ამის გაკეთება,“ - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია.