16 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ, დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში - თამთა მეგრელიშვილი

2008 წელს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ეწერა ფრაზა, რომ "სააკაშვილმა და ... საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი", ამ ფრაზას მაშინ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, - წერს "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის ირგვლივ კითხვები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რჩება, შესაბამისად, სათანადო გამოძიების საჭიროება დადგა, რომლის ინიციატორიც "ხალხის ძალაა".

"2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომამდე გაყიდული ომი და ჩადენილი დანაშაული სრულფასოვან გამოძიებას საჭიროებს და აუცილებელია დამნაშავეებმა კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტერიტორიას 1991 წლის 21 დეკემბრის საზღვრებში ცნობს, ამავე საზღვრებს ცნობდა რუსეთი 2008 წლის 26 აგვისტომდეც და საქართველოს არმიის არცერთ ჯარისკაცს ეს საზღვარი ერთი ნაბიჯითაც არ გადაუკვეთია, რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ტყვიაც არ გავარდნილა, 2008 წლის ომი გარკვეულ ლოგიკურ კითხვებს ბადებს.

ომის შედეგები - 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად საქართველომ თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების რაოდენობამ 2 232 შეადგინა.
რუსეთისა და ცხინვალის რეგიონში მისი მარიონეტების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად 30 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.

საოკუპაციო რეჟიმი დღესაც აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას (ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი) საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თემების მავთულხლართებით დაყოფას, ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ილახება. მათ შეზღუდული აქვს ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თავისუფლება და ა.შ. საქართველო მათი უფლებების დაცვას და სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას ითხოვს.

რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივი მხარე- 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

მიღებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებაც, რომელზედაც წერია, რომ ქართველი სამხედრო ტყვეები რუსებმა აწამეს და მოკლეს და რომ ოკუპაცია მიმდინარეა.
რუსეთ - საქართველოს ომის ირგვლივ კითხვები, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ რჩება-2008 წელს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ გამოიტანა კენჭისყრისთვის რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ეწერა ფრაზა, რომ "სააკაშვილმა და ... საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი", ამ ფრაზას მაშინ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი.

მაგალითად: არც დავით დარჩიაშვილი, არც გოკა გაბაშვილი, არც ჩიორა თაქთაქიშვილი, არც გიორგი თარგამაძე, რომელიც მაშინ „ნაცების“ მიერ დანიშნული ოპოზიცია იყო, არც გიორგი კანდელაკი და ა.შ. უფრო მეტიც მათ ერთხმად კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ამ ფრაზას რომელიც ამტკიცებდა, რომ აგვისტოს ომი ქართველი ჯარისკაცების მიერ იყო დაწყებული.

სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას საკუთარი ჯარის წინააღმდეგ.
დიახ, ამ ადამიანებმა ქართული ჯარი დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, და ისინი შეგნებულად არ აწარმოებდნენ კვალიფიციურად დავას სტრასბურგსა და ჰააგაში.
მაგალითად: ისინი არ აგროვებდნენ მტკიცებულებებს და არსებულ მტკიცებულებებს მალავდნენ.

ლოგიკურია ყოველივე ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს, ეს ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ვისი დავალებით მუშაობდნენ?

ასევე, საინტერესოა ვისი დავალებით გაიტანეს ქვეყნიდან გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომელიც "ქართული ოცნების" დასაბრუნებელი გახდა? დამამცირებელი იყო ფაქტი როცა რუსული მხარე ქართულ მხარეს სტრასბურგში ღიად დასცინოდა და ამტკიცებდა ისკანდერი არ ჩამოვარდნილა და ეს ქართველების ფოტოშოპიაო.

ქართულმა მხარემ ვიღაცის ბრძანებით გააქრო ეს მტკიცებულებები.

ფაქტებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ქვეყნის ჯარი დაადანაშაულა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში.

2018 წლის 6 აგვისტოს იგივე განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც - ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო...

რასთან გვაქვს საქმე? ეს ყოველივე დამთხვევაა, თუ ეს მიხეილ სააკაშვილთან წინასწარ შეთანხმებული ნაბიჯი იყო?

წლები გადის, ამ მძიმე თემის ირგვლივ ლოგიკური კვანძები იხსნება და სათანადო გამოძიების საჭიროება დადგა.

გამოძიების დაწყების ინიციატორი ვინ თუ არა "ხალხის ძალაა", როგორც ყველაზე ეროვნული და გაბედული ძალა.

ამ საქმის გამოძიება ქართული სახელმწიფოს ღირსების ნაწილია და ქართული მხარის მიერ ამ საქმეზე გადადგმული სამართლებრივი ნაბიჯები თავის ლოგიკურ სიტყვას იტყვის." - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

დღის ამბები