16 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
რეალურად ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" და "ლელოც" ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართებიან - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველ გუნდში ჯერემი როზნერისა და "ლელოს" კომუნიკაციას ეხმაურებიან. ჯერემი როზნერი, "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" წევრებს დღეს შეხვდება. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ლელო" "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილია და ოპოზიციის საერთო მიზანი ქვეყნის იმიჯის შელახვა და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" და "ლელოც" ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართებიან.

"კარგია, თუ ვინმე კონსულტანტი ეყოლება "ლელოს", რადგან მათი ბოლო კლიპი, რომელიც ავტომობილთან იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია, საქართველოში არჩევნებზე ასეთი კლიპი კარგია თუ არა, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება... რეალურად ჩანს ის, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" და "ლელოც" ერთი და იგივე პოლიტიკური სათავიდან იმართებიან. ამიტომაც შეირჩა ზუსტად ის - ერთხელ უკვე გამოცდილი და აპრობირებული პიარ კომპანია და პიარ მენეჯერი, როზნერის სახით, რომელიც მუშაობდა "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ ამის მეშვეობით მაშინ მიაღწიეს შედეგს და დღეს ფიქრობენ, რომ ისევ ამ განვლილი გზით და ამ ტექნოლოგიით მიაღწევენ შედეგს. ეს არის ერთი გადაწყვეტილების მიმღები ცენტრიდან მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ემორჩილება "ლელო," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები