"ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი, რომელიც "ლელოს" პიარ-კონსულტანტი გახდა, თბილისშია. ჯერემი როზნერი, "კურიერის" ინფორმაციით, "ლელოს" წევრებს უკვე შეხვდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კონსულტანტებს რომელიმე სხვა პარტიასთან კავშირი არ აქვთ.
"წინა არჩევნებშიც გვყავდა კონსულტანტები სხვა კომპანიიდან. ახლა გვყავს კონსულტანტები ამერიკული კომპანიიდან, ალბათ, ევროპულიც გვეყოლება მალე, ამას არანაირი კავშირი აქვს სხვა რომელიმე პარტიასთან და არც "ლელოს" სტრატეგიასთან.
როზნერს 2010 თუ 2011 წლის შემდეგ არანაირი კავშირი არ ჰქონია სხვა პარტიასთან. "ლელოს" PR სტრატეგია არასდროს არავის არ დამთხვევია. ზოგჯერ არის თემები, რომელშიც გვაქვს საერთო პოზიციები.
ეს არის სერიოზული კომპანია, რომელშიც მუშაობს ბატონი როზნერიც, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკური ვითარებების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.