ისტორიაში პირველად, 2024 წლის არჩევნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. ამომრჩეველთა თითქმის 90 პროცენტი საკუთარ ნებას ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების საშუალებით დააფიქსირებს. ელექტრონული სისტემის გამოყენების პრაქტიკასა და მის ეფექტიანობაზე მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა მსჯელობა თბილისი მერიოტში, სადაც ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის დისკუსია 4 საათი გაგრძელდა.
სისტემის ეფექტურობა ვერც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უარყვეს. მეტიც, თქვეს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესში რისკები დაზღვეული იქნება, თუმცა შეხვედრას კამათის გარეშე არ ჩაუვლია. ხელისუფლების ოპონენტები ხმის დათვლის იმ აპარატის ალტერნატიულ აუდიტს ითხოვდნენ, რომელზე დასკვნაც საერთაშორისო კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს მოამზადა.
შეხვედრას სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უმრავლესობის წევრების თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ ყველა სპეკულაციას წერტილი დაესმება.
ელექტრონული არჩევნები "სმარტმატიკის" აპარატების გამოყენებით ჩატარდება. კომპანიას არჩევნების ჩატარების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ფილიპინებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. მხოლოდ საქართველოში, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების შემოწმება 2018 წლიდან დღემდე 8-ჯერ განხორციელდა. ჩატარდა საერთაშორისო აუდიტიც. ავტორიტეტულმა ამერიკულმა კომპანიამ დაადგინა, რომ აპარატი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ელექტრონულ სისტემას ხარვეზები არ აქვს და უალტერნატივოა.
ელექტრონული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ამომრჩევლის 90 პროცენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც გულისხმობს მოქალაქის სპეციალური აპარატით ვერიფიკაციას, ბიულეტინის სპეციალურ აპარატში მოთავსებას და ხმების ელექტრონულად დათვლას.
ახალი წესის მიხედვით, უბანზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, არსებული ფიზიკური ბიულეტინების და ელექტრონული ხმების შედარება მოხდება. ელექტრონული სისტემა ამომრჩევლის რეგისტრაციისა და წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დროსაც მნიშვნელოვნად ამცირებს.