საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ხიდაშელმა და უსუფაშვილმა რომც არ აღიარონ, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" საიდან ფინანსდება, დაფინანსების წყარო რომ ტაივანია, ისედაც ცხადია, რადგან ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს.
მაჭარაშვილის თქმით, ხიდაშელმა უნდა გაასაჯაროოს, საიდან ფინანსდება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან სიტყვაზე მას არავინ ენდობა.
"თვითონ ის ფაქტი, რომ ხიდაშელიც და უსუფაშვილიც აღიარებენ იმას, რომ ეს კონკრეტული ენჯეო ფინანსდება ტაივანიდან და ეს რომც არ აღიარონ, ბუნებრივად ჩანს, რადგან პირდაპირ თავს ესხმიან ქართულ-ჩინურ ურთიერთობებს, მაშინ, როდესაც აშშ და ევროკავშირიც კი საჯაროდ ამბობენ, რომ ჩინეთთან უნდათ კარგი ურთიერთობების დამყარება. რას გვთავაზობს ქალბატონი ხიდაშელი, ტაივანთან დავამყაროთ სტრატეგიული პარტნიორობა და ჩინეთთან გავწყვიტოთ? - მაშინ გამოვიდეს და შესთავაზოს საზოგადოებას. ამავდროულად, მინდა ვთქვა: ხომ ამტკიცებდა ბატონი უსუფაშვილი, რად გინდათ ამ კანონის მიღება, ისედაც გამჭვირვალეა არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაო. რატომ წვალობენ ახლა უსუფაშვილი და ხიდაშელი იმის დამტკიცებაში, საიდან ფინანსდება ან არ ფინანსდება კონკრეტული ენჯეო? გამოაქვეყნოს, საიდან ფინანსდება ხიდაშელის ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია. რატომ უნდა ვენდოთ ან უსუფაშვილს ან ხიდაშელს?", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.