"ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა", რომელიც აერთიანებს "ნაცმოძრაობას", "ლელოს", ვაშაძისა და გახარიას პარტიებს, "ევროპულ საქართველოს", "გირჩი - მეტი თავისუფლებას", "დროას" და "ლეიბორისტულ პარტიას", უნდა გასამართლდეს. "უნდა მოეწყოს ქართული "ნიურნბერგის პროცესი", რათა კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" პასუხი აგოს როგორც 2012 წლამდე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, "ელიტური" კორუფცია, არჩევნების გაყალბება, ტელევიზიების მიტაცება, ქვეყნის ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება და მრავალი სხვა, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან," - წერს "ხალხის ძალა".
მოძრაობაში ასევე ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს "გლობალური ომის პარტია" არჩევნებამდე ორი თვით ადრე გააკეთებს. "თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში - სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და "ლელოსთან" ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, "გლობალური ომის პარტია", ჯერჯერობით, ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, არჩევანი მაინც სალომე-"ლელოს" ალიანსზე შეჩერდება," - წერს ხალხის ძალა.
"ჩვენ ვითხოვთ, რომ არჩევნების შემდეგ, აუცილებლად მოხდეს რეჟიმის -"ნაცმოძრაობის" გასამართლება, თავისი ანასხლეტებით და თავისი პოლიტიკური კლასტერებით, ეს არის "დროა", თუ "ზურა გირჩი ჯაფარიძე", თუ იქნება ეს ნებისმიერი მიმართულება, რომელიც დღეს "სტრატეგია აღმაშენებლად" მოინათლა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ის ხალხია, ვინც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. რომ არ ყოფილიყო "ნიურნბერგის პროცესი", მსოფლიო საზოგადოება იმ დეტალებს დღემდე ვერ შემოინახავდა, რის გამოც დღეს ფაშისტური რეჟიმი არის დაგმობილი და ცნობილია მსოფლიოში, რომ ფაშისტური რეჟიმი არის მიუღებელი.
ამიტომაც გვინდა ჩვენ, რომ "ნაცმოძრაობა", რომლის შესახებაც საერთაშორისო სასამართლოებს, სხვათა შორის, არაერთი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პატიმარ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო შექმნილი რეჟიმი, რომელიც კლავდა ადამიანებს - ეს წერია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებში. ამიტომ, ჩვენ ამის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საფუძვლები გვაქვს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ აუცილებლად შედგეს "ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესი არჩევნების შემდეგ. მათი საფრთხე მომდინარეობს იქიდან, რომ იკვებებიან უცხოეთიდან და ეს არ არის დამალული. ჩვენ ვნახეთ, ე.წ. უკრაინიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, დამართეს ჩვენს მეგობარ ქვეყანასა და ხალხს, იგივე უნდათ და დღემდე უნდათ ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით იმას, რომ ქართული საზოგადოება ამყოფონ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.