ამბიციურ, თუმცა ზარმაც ოპოზიციონერებში თაკო ჩარკვიანი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს გულისხმობს. პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა დღეს არაერთი ეპითეტი გამოიყენა მათი საქმიანობის შესაფასებლად. ხაზარაძეს "ფორდ მუსტანგის" ავტომობილი შეახსენა, "ლელოს" წევრ საბა ბუაძეს კი ფუნთუშები. ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიციონერმა კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ინიციატივა არასერიოზულად აღიქვეს და სწორედ ეს გახდა ამ შეფასების მიზეზი.
ადრესატებმა ჩარკვიანს არ უპასუხეს. გახარიას თანაგუნდელებმა "კანონი და სამართლის" ხელმძღვანელის განცხადება თავდასხმად აღიქვეს, "ლელოში" კი ჩარკვიანის პოზიციას უინტერესო უწოდეს.
ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მმართველ ძალაში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ოპონენტების მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.
"სტრატეგია აღმაშენებელი" დღეს ერთადერთი ოპოზიციური პარტია აღმოჩნდა, ვინც ჩარკვიანის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა. გიორგი ვაშაძის გუნდისთვის ქუჩის აქციები მისაღებია, თუმცა ამ ეტაპზე მათ დღის წესრიგში სხვა საკითხები დგას. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი ჩარკვიანისგან მეტ დამაჯერებლობას მოითხოვს.
ოპოზიციური პარტიებში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ მმართველ ძალაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი მხრიდან საზოგადოების განწყობის შეცვლის მცდელობა ოპონენტების მარცხით დასრულდება.
მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციურ პარტიებში განხეთქილება უფრო მასშტაბური გახდება და მათ შორის დაპირისპირებაც გამძაფრდება.