აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა გამოაქვეყნა. ეს არის მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა. საქართველოდან ჩართულ ექსპერტებს შორის არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია დ თამარ ხიდაშელი.
მმართველი გუნდის შეფასებით, ამ დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და ევროკავშირის გზაზე საბოტაჟს ეწევა.
IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი დავითურმა "კურიერთან" საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერი ინდექსის შედგენისას, აუცილებელი და გასათვალისწინებელია მეთოდოლოგია და ასევე ის თემატური კომპონენტი და ინდექსები, რომელთა შეფასებითაც, საბოლოო ჯამში დგება და ქვეყნდება ინდექსი. ამ შემთხვევაში, გიორგი დავითური მედიის თავისუფლების ინდექსის მიმართულებით მუშაობდა და როგორც მან "კურიერთან" განაცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს მან მიაწოდა მოსაზრებები არა მარტო იმის შესახებ თუ როგორია კანონმდებლობა საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართულებით, არამედ როგორ სრულდება ეს კანონმდებლობა და ამ მიმართულებით, გიორგი დავითურის შეფასებით, ბოლო წლებში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
"ეს ინდექსის ფორმულირება, ჩვენი გამოცდილებიდან, რომელიც შეეხებოდა მედიას, იყო არა მხოლოდ ის კომპონენტი თუ რა წერია კანონში, არამედ როგორ აღსრულდება შესაბამისი კანონმდებლობაც, რომელიც ქვვეყანაში მოქმედებს.
ბოლო ორ წელში, რაც შეფასების ინდექსმა დაფარა, საგრძნობი იყო მედიის მიმართ მომატებული ძალადობის შემთხვევები: მტრული გარემოს ზრდა მედიის მიმართ სახელმწიფოში, ეს ასახული იყო როგორც მედიებზე თავდასხმის კომპონენტში და გვახსოვს ივლისის მოვლენები, თუ რა მოხდა - ესეც იქნა გათვალისწინებული.
ასევე, სიტყვიერი შეურაცხმყოფები, მედიების მიმართ არსებული ტროლ-ბოტების პრაქტიკა და ბევრი რაღაცები აქ აისახა. ბუნებრივია, იყო კომპონენტები კანონმდებლობაში, რომელშიც სახელმწიფომ საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურა, მაგალითად მაუწყებლობის გაციფრულების კომპონენტში არის თუ არა კანონმდებლობა, რომელიც ფარავს, სახელმწიფომ მიიღო მაქსიმუმი და აქ პრობლემები არ არსებობს", - აცხადებს IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური.