აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.
მმართველი გუნდის შეფასებით, დოკუმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არასამთავრობო სექტორი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რეალობა კი სულ სხვაა, რაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნითდა რეიტინგით დასტურდება.
"ეს იმ პირთა წრე არის, რომელიც ზუსტად ანალოგიურად, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ იძახდა, რომ საქართველო არ არის მზად, არ არის ღირსი და საქართველო ვერ ასრულებს ვერც ერთ პირობას და ჩამორჩება ყველას და ყველაფერს.
ეს არის იმ დაინტერესებულ პირთა წრე, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არის ერთი რეალობა, რომლის საფუძველზეც საქართველო დამსახურებულად გახდა კანდიდატი ქვეყანა და არის ის განგრძობითი ბრძოლა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომელსაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" და სამწუხაროდ, მათთან აფელირებული გარკვეული არასამთავრობოები და კონკრეტული პირები ახორციელებენ. პირდაპირ დემონიზაციაზე გადადიან და ეს არის მტრობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.