19 სექტემბერი 2024,   05:05
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ნაწილს შეხვდნენ

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილს შეხვდნენ, რომელიც კლინიკის დემონტაჟსა და მათ სხვა საავადმყოფოებში გადაყვანას ეწინააღმდეგება.

შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა, ერთი საათი გრძელდებოდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ ამჯერად, მათ უფრო ვრცელი განმარტებები მოისმინეს იმ პირობებზე, რომლებსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

ითქვა ისიც, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე ექიმების ნაწილი უკვე დასაქმებულია სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში. დიალოგის ფორმატში შეხვედრა ხვალ უკვე ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება.

"ჰოსპიტალში არის დაახლოებით 31-მდე აკადემიური პერსონალი და ჩვენ გვაწუხებს ის, თუ სად წავიყვანოთ ჩვენი სტუდენტები, როგორ უნდა განვაგრძოთ ეს საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან შედეგიანი საუბარი იყო. თემა მნიშვნელოვანია და დაგვპირდა ჰოლდინგის ხელმძღვანელობა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და ჩვენ არ მივიღებთ პირდაპირ უარყოფით პასუხს," - აცხადებს ექიმი, დევი ტაბიძე.

შეხვედრის შემდეგ შეფასება გააკეთა სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორმა, გიორგი ენუქიძემ, რომელმაც თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები, სამინისტროს მიერ მიცემულ შეთავაზებებზე, ამომწურავი და სრული პასუხები გასცეს.

"შევხვდით რესპუბლიკურის თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები, სამინისტროს მიერ მიცემულ შეთავაზებებზე, ვისაუბრეთ კონკრეტულად იმ კითხვებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ. მათ გავეცით ამომწურავი და სრული პასუხი. კითხვები შეეხებოდა სამინისტროს მიერ გაცემულ შეთავაზებებს," - აცხადებს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, გიორგი ენუქიძე.

დღის ამბები