საბანკო სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR ინდექსზე) მიბმის საკითხი არ არის სიახლე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს იქნა მიღებული და 2023 წლის განმავლობაში ეს პროცესი ეტაპობრივად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თანმიმდევრულად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ წელს ბანკებმა TIBR-ის ინდექსზე მიბმული საკმაოდ დიდი რაოდენობით სესხები გასცეს.
"დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტია უკვე ასეთი პორტფელი. პარალელურად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა", - დასძინა მან.
გიორგი ლალიაშვილის განმარტებით, TIBR ინდექსი უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და ამ ინდექსზე სესხების მიბმას არ ექნება გავლენა მსესხებელზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ TIBR ინდექსზე გადასვლის პროცესს არ ექნება გავლენა მსესხებლებზე. მათ არ გაუძვირდებათ სესხები და არც რაიმე სახით გაუუარესდებათ პირობები. პირიქით, TIBR არის უკეთესი ინდექსი, რომელიც უკეთესად ასახავს საბაზრო პირობებს და მისი გამოყენება სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებში ყველანაირად გამართლებულია", - აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა.
გიორგი ლალიაშვილის განცხადებით, მსესხებლებმა, ვისაც ჰქონია შეხება ევროს ან დოლარის სესხებთან, იციან, რომ ასეთი ტიპის სესხები მიბმული იყო LIBOR-ის განაკვეთზე, რომელიც არის კიდეც საბაზრო განაკვეთი და დოლარის ან ევროს სესხები არ ყოფილა მიბმული ევროპის ან ამერიკის ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებზე. მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს LIBOR-ის ჩანაცვლების პროცესი უფრო საიმედო, თანამედროვე და გამჭვირვალე ინდექსებით.
"სწორედ ეს პროცესი წარიმართა საქართველოშიც, სადაც ჩვენ მსოფლიო მოწინავე გამოცდილების გათვალისწინებით შემოვიღეთ TIBR ინდექსი, რომელიც არის უფრო გამჭვირვალე, საიმედო ინდექსი. იგი უკეთესად ასახავს ბაზარზე არსებულ სიტუაციას და მისი გამოყენება სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებში, მათ შორისო საბანკო სესხებში არის უკეთესი პრაქტიკა", - აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.