9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება. შეხვედრას მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
"ამ შენობაში ყველა შეხვედრაზე დავდივარ, სადაც გვიშვებენ. მე არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა, იმიტომ, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი და გარემოებებიც შეცვლილია წინა პერიოდთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში. მე ვინაიდან არ ვიცი ეს გარემოება რამდენად მოახდენს გავლენას სამუშაო პროცესზე, მინდა, რომ ჯერ დავაკვირდე და მერე გამოვთქვა მოსაზრება. შესაბამისად, 29-ში დავესწრები ამ შეხვედრას და გამოსვლისთანავე გეტყვით იმ შთაბეჭდილებას, რაც დამრჩება, რამე იცვლება თუ არა წინა წელთან შედარებით," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ადრე ოპოზიცია უარს ამბობდა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ახლა მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ოცნებასთან ერთად იმსჯელონ.
"რა მნიშვნელობა აქვს ისინი მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ყველა შემთხვევაში ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. კანდიდატის სტატუსიც მათ გარეშე მივიღეთ, წევრებიც მათ გარეშე გავხდებით და ქვეყანასაც მათ გარეშე განვავითარებთ. ოპოზიციასაც ჩაანაცვლებს საზოგადოება აუცილებლად 26 ოქტომბერს. ასე რომ, თავისთვის დაიტოვონ ეგ მოხსნა-ჩასმა დღის წესრიგში. მიიღებენ აქ მონაწილეობას თუ არა. იმიტომ, რომ ეგ ხალხი საჯაროდ აღიარებს, რომ ვერ იტანენ საქართველოს წარმატებას, ვერც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვერც ეკონომიკის, ვერც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. წარმატება ქვეყნის მაგათთვის არის სუბიექტური წარუმტებლობა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.