9 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმის შესასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს. სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართება.
შეხვედრაზე დასწრებას ითხოვენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
"ინფორმაცია მივიღეთ პარლამენტისგან, რომ ასეთი შეხვედრა იგეგმება. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, არ გვაქვს ინფორმაცია, საქართველოს იურისტთა ასოციაცია იქნება თუ არა მიწვეული. თუ ასეთი შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად მივალთ. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს საკითხები, რომლებიც 9 პუნქტში არის მოცემული, შესრულდეს. მათ შორის ჩვენი მანდატიდან გამომდინარე არაერთი მიმართულებით რეკომენდაციები ჩვენც გვაქვს შემუშავებული წლების განმავლობაში, რაც გაზიარებული გვაქვს ხელისუფლებისთვის.
ჩვენ კიდევ ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე მათთან დამატებითი კომუნიკაცია გქონდეს და თუ გვექნება შესაძლებლობა ამ სამუშაო ჯგუფში ჩართვის, ამ პროცესში ჩავერთვებით", - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ქურდოვანიძე.
ადვოკატი, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ რაიმე კომუნიკაცია ან შემოთავაზება სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მათ არ მიუღიათ, თუმცა თუ შესაძლებლობა იქნება, მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.
"კარგი არის თუკი იწყება ასეთი პროცესები. ჩვენ, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებიც ვითხოვდით ამ მიმართულებით სამუშაო პროცესების გახსნას და რომ ყოფილიყო ეს სამუშაო პროცესები მაქსიმალურად ინკლუზირუ და დემოკრატიული. ჯერჯერობით ჩვენ არ მოგვსვლია რაიმე ტიპის მოსაწვევი ან შემოთავაზება, კომუნიკაცია არ ყოფილა. თუ კი გვექნება ასეთი შესაძლებლობა, ცხადია აუცილებლად გამოვიყენებთ და აუცილებლად ჩავერთვებით სამუშაო პროცესებში," - აცხადებს გურამ იმნაძე.