აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაში მონაწილე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მათ სპეციალურ კითხვებს უპასუხეს და მათი პასუხები დასაბუთებული იყო სხვადასხვა ორგანიზაციების ანგარიშებით. მათ შორის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ნაწილში, მათი პოზიცია არგუმენტირებული იყო სახალხო დამცველის ანგარიშით, რომელიც წინა ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას ეკუთვნოდა.
ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ მათთვის გასაკვირი არაა, საბოლოო ჯამში, საქართველოს წინ უკრაინა და მოლდოვა უსწრებს.
"დეტალიზირებულ კითხვებს ადგილობრივი ექსპერტები პასუხობენ - კი, არა, ნაწილობრივ და ამის შესაბამისად იწერება ქულები. ამასთან ერთად უნდა დაურთო წყაროები, რას ეყრდნობი, როდესაც მსგავსი ტიპის პასუხს სცემ. წყაროები, როგორც წესი არის ადგილობრივი კანონმდებლობა, სახალხო დამცველის შეფასება. მე ვფიქრობ, რომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ საქართველო არის უკრაინის და მოლდოვას შემდეგ. იმიტომ, რომ ეს 2 ქვეყანა, საქართველოსგან განსხვავებით უფრო მეტად არის დაწინაურებული ევროინტეგრაციის გზაზე. მათ ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი. დანარჩენი კითხვარების შემუშავებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ექსპერტები, ანუ მათ მიერ გაცემულ პასუხებზე, მე არ ვარ პასუხისმგებელი," - აღნიშნა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა თამარ ხიდაშელმა.
იმავე პოზიცია აქვთ ოპოზიციაშიც.
"ეს ინდექსი ასახავს იმ სამწუხარო რეალობას, რომელიც მიიღწა მთავრობის მავნებლური პოლიტიკის შედეგად. მე შემიძლია ვისაუბრო ჩვენს ხელისუფლებაზე. ანუ დავშორდით მაღალანაზღაურებად სამუშაოებს საქართველოში, დავშორდით სიღარიბის დაძლევას და დავშორდით ნორმალურ ცხოვრებას," - ამბობს ენმ-ის წევრი ნიკა ობოლაძე.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. ინდექსის მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი, მესამე ადგილზეა. გაირკვა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა, ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.