19 სექტემბერი 2024,   05:09
ვრცლად
რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაკავებულებთან დაკავშირებით

გამოსახლების დროს მომხდარი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დაკავებული 18 პირიდან დღეს გადაწყვეტილება სამ საქმეზე გამოცხადდა. თითოეულ მათგანს მოსამართლემ 2 ათას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 

დაპირისპირების მონაწილე კიდევ 13 პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლებას ელოდება, მათი საქმეების განხილვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლომ უკვე იმსჯელა სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაკავებული 2 პირის საქმეზე. მოძრაობა "ხმის" წევრებს გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას, გამოძიება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. მოსამართლემ ორივე გუშინ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მათი მხარდამჭერები დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად, გამოსახლებაზე მორატორიუმის გამოცხადებაც მოითხოვეს.

სახელმწიფოს, სხვისი ნივთის დაზიანება მიუღებელია ოპოზიციისთვის. თუმცა, აქვე იმასაც აკონკრეტებენ, რომ ასეთ შემთხვევაში სასჯელი ადეკვატური უნდა იყოს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების დაზიანება მიუღებელია და ამაზე კანონი შესაბამისად რეაგირებს. უმრავლესობის განმარტებით, მსგავსი ქცევა გამოხატვის თავისუფლება არ არის.

მარინე ხატიაშვილის ოჯახი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კეკელიძის პირველი ნომრიდან 3 დღის წინ იძულებით გამოასახლა.

ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება სამართალდამცველებს, ხატიაშვილის ოჯახსა და მხარდამჭერებს შორის. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთები. დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილი.

დღის ამბები