საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, დელეგაციასთან ერთად, ვახშამზე უმასპინძლა. ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად, ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა, მთაწმინდამდე, ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისს 26 იანვარს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.