16 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ისრაელ-"ჰამასის" ომის პირველი ვერდიქტი ჰააგის სასამართლოსგან - საერთაშორისო სასამართლო ისრაელს გენოციდის დანაშაულის თავიდან არიდებას ავალდებულებს

ვითარება ღაზაში და ჰააგის დადგენილება - სამხრეთ აფრიკა ისრაელის სამხედრო ოპერაციის გენოციდად ცნობას მოითხოვს. საბოლოო განაჩენამდე, ჯერ წინ ხანგრძლივი განხილვის პროცესია, თუმცა, ამ ეტაპზე, პირველადი დადგენილება ისრაელს ავალდებულებს, შეასრულოს მოთხოვნები გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ისრაელს წესები განუსაზღვრა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე პალესტინის დელეგაციის წევრების შეფასებით, ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად, მიღებული დადგენილება მათთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ისრაელის მიდგომებზე გავლენას იქონიებს.

ის, რასაც სამხედრო ოპერაციის მოწინააღმდეგეები გენოციდად მიიჩნევენ, ისრაელისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები და 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ლეგიტიმური პასუხია. ამ პოზიციას უკომპრომისოდ იცავენ ისრაელის წარმომადგენლები სასამართლოში და საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ. სასამართლოს გარეთ კი, პროცესის პარალელურად, ისრაელის მომხრეები დემონსტრაციაზე სვამდნენ კითხვას - რას გააკეთებდნენ სხვა სახელმწიფოები მათ ადგილას?

ისრაელის გენოციდის მცდელობაში დადანაშაულებას ტერორიზმის მხარდაჭერასთან აიგივებს ბენიამინ ნეთანიაჰუ. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და კომპრომისი არ იქნება.

სამართლებრივი და პოლიტიკური განხილვის ფონზე, უწყვეტია საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ ღაზის ტერიტორიაზე. ჩრდილოეთ ნაწილზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ახლა აქცენტი სამხრეთით მდებარე დასახლებებზე, განსაკუთრებით კი ხან-იუნისზეა გადატანილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქი უკვე მოაქცია ალყაში და, მის გასაწმენდად, ინტენსიურად მოქმედებს. ეს გულისხმობს როგორც საჰაერო, ისე - სახმელეთო იერიშებს. ბრძოლები ახლო დისტანციაზე, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მიმდინარეობს. ვითარება დაძაბული რჩება ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანის საზღვართანაც, სადაც ორმხრივი სარაკეტო დარტყმები დღესაც დაფიქსირდა.

დღის ამბები