01 ივლისი 2024,   14:35
ვრცლად
მცხეთის ბირთვული რეაქტორი - გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი, სადაც კვლევითი ცენტრი 6 ჰექტარზე იყო განთავსებული

მცხეთის ბირთვული რეაქტორი, იგივე მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს მიეცა შანსი ბირთვული ფიზიკის სფეროში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა. გასული საუკუნის 60-ანებიდან, დაახლოებით სამი ათეული წლის განმავლობაში, ეს იყო საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი.

კვლევების ცენტრის რამდენიმე კორპუსი დაახლოებით 6 ჰექტარზე იყო განლაგებული. ყველა ნაგებობას თავისი დანიშნულება ჰქონდა. 1960 წლიდან დაწყებული 80-იანი წლების ბოლომდე, ამ კედლებში აქტიური კვლევები მიმდინარეობდა და რეაქტორზეც 400-მდე მეცნიერ-მუშაკი იყო დასაქმებული.

სწორედ 80-იანების ბოლოს დაიწყო მოსახლეობამ მცხეთაში ბირთვული რეაქტორის არსებობის გაპროტესტება. ეს გარკვეულწილად ჩერნობილში მომხდარმა კატასტროფამაც განაპირობა. ხალხში გარკვეული შიში არსებობდა იმის, რომ რეაქტორი გაჟონავდა.

არა და, ამ კვლევით ცენტრში, მისი არსებობის პერიოდში არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ობიექტზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს არჩევდნენ და უსაფრთხოებაც პირველ ადგილზე იყო.

რეაქტორის დახურვის შემდეგ რადიაციული მასალა სპეცთვითმფრინავით უზბეკეთის კვლევით ცენტრში გადაიტანეს, რაში მიღებული თანხითაც მცხეთის რეაქტორზე არსებული ნარჩენების გაუვნებელყოფა მოხდა. დიდი ნაწილი ე.წ. ქვაბში ჩაბეტონდა.

რუსული ბაზების საქართველოდან გასვლის შემდეგ დარჩა დიდი ოდენობით რადიაციული მიწაც, რომლის დაკონსერვებაც მცხეთაში გადაწყდა. სწორედ აქ გაჩნდა ახალი იდეაც.

მცენარეებზე ექსპერიმენტები სპეციალურ, განახლებულ ლაბორატორიებში ტარდება, თუმცა აქ შემორჩენილია რადიაციულ ნივთიერებებთან სამუშაოდ საჭირო ცხელი კამერებიც, სადაც მუშაობა ე. წ. მანიპულატორებით მიმდინარეობდა.

მცხეთის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე დღემდე რამდენიმე ადგილას გამაფრთხილებელ ნიშანს ნახავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ, შესაძლოა, რადიაციის პატარა კერა იყოს დარჩენილი და შესაბამისად, მიახლოებაც არ არის მიზანშეწონილი. წელიწადში ორჯერ კი ცენტრს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები სტუმრობენ იმისთვის, რომ ქართველ ფიზიკოსებთან კვალიფიკაციის ასამაღლებლად გარკვეული კონსულტაციები გაიარონ.

ავტორი: გიორგი ქორქია, ლევან ლომაძე

დღის ამბები