29 სექტემბერი 2024,   05:35
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების საორგანიზაციო ჯგუფი სასამართლოში სარჩელს შეიტანს. მათი მთავარი მოთხოვნა საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებაა.

სამედიცინო პერსონალის ნაწილი დღეს კლინიკის ეზოში შეიკრიბა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა.

ექიმების ნაწილის პროტესტის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც ექიმებს დასაქმებას სთავაზობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, თანამშრომლები ტოლფას პოზიციაზე იმავე ანაზღაურებით უნდა დასაქმდნენ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰქონდათ.

"ვითხოვთ რეორგანიზაციის შეჩერებას, რომ დავუბრუნდეთ სამუშაო მაგიდას და მივიღოთ გადაწყვეტილება - როგორ ვიქცევით შემდგომში. უნდა დავსაქმდეთ ტოლფას პოზიციაზე და იგივე ანაზღაურებით, რომელიც მე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მქონდა. ეს ხდება იმიტომ, რომ რესპუბლიკურის თანამშრომელს, შეიძლება, უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, ვიდრე იმ კლინიკის თანამშრომელს. არ განვიხილავთ ამ შეთავაზებებს ჯერ ", - განაცხადა ნინო ოთარაშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გივი პისარევის განცხადებით, ექიმების სხვა კლინიკაში დასაქმების საკითხი ჯერ ბუნდოვანია.

"ცოტა ბუნდოვანია, ვინ სად უნდა გადავიდეს, როცა იქ ადამიანი უკვე მუშაობს. ლოგიკურია, რომ ახალ შენობაში, ახალ სივრცეში ვიყოთ და არა გადავნაწილდეთ სხვა კლინიკებში, რომელიც ისედაც სავსეა. მაგ შეხვედრაზე არის საკითხი - კლინიკა რომ დაიხურება მერე სად გადახვალ, რადგან ვიძახით რომ შეგვაქვს სარჩელი და არ ვეთანხმებით, ბუნებრივია, ადამიანებს დროს არ დავაკარგვინებთ", - განაცხადა გივი პისარევმა.

დღის ამბები