სენაკში, "საქართველოს ბანკში" მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ 28 წლის კაცს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, სენაკის რაიონულ სასამართლოში, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებული, რომელსაც, მისივე გადაწყვეტილებით, ადვოკატი არ ჰყავს, დუმილის უფლებას იყენებს.
წინასასამართლო სხდომა 11 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
მამაკაცს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, დანით შეიარაღებული პირი პარასკევს, თავს დაესხა სენაკში მდებარე "საქართველოს ბანკი" თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ასრულებდნენ. გაიტაცა 900 ევრო და მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს აიყვანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.