16 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქმედით ნაბიჯებში ეჭვი მეპარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ 9 პუნქტის შესასრულებლად მუშაობს - დავით კირკიტაძე

ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრა დასრულებულია. ოპოზიცია და უმრავლესობა 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა იმ სამოქმედო გეგმისა და გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა.

შეხვედრას, "ლელოს" გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა დაესწრო. ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმაში შედიან.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ მზადაა მსგავს ფორმატებში მუშაობის გასაგრძელებლად, რადგან 9 დათქმის შესრულება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის შეფასებით კი ოპოზიცია, რომელიც პროცესში არ ერთვება, საბოტაჟის რეჟიმში რჩება.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ეჭვი ეპარება "ქართული ოცნების" ქმედით ნაბიჯებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი 9-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.

"საჭიროა, რომ ამ ფორმატმა და ყველა სხვა ფორმატმა, რომელიც დღეს აქ ფორმირდა და შეხვედრების გრაფიკი გაიწერა, ამოწუროს თავისი თავი და მერე გავაკეთოთ საბოლოო შეფასება. "ქართულ ოცნებას" უწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება და ვნახოთ. ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით დაველოდოთ, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ იმ 9 პუნქტის შესასრულებლად მუშაობს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მათ შეძლეს, რომ "ქართული ოცნება" საქმეზე ორიენტირებულ დღის წესრიგზე გადმოეყვანათ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ევროპის ამ შენიშვნას, რეკომენდაციასა და პირობას იზიარებენ, მაგრამ მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება" შეიცვლის ზნეს და ხვალ დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს დაიწყებს. კარგი რაც მოხდა, "ქართული ოცნება" ნაცვლად, რადიკალური ოპოზიციაზე საუბრისა და შესვლა-არშესვლაზე საუბრისა, გადმოვიყვანეთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის დღის წესრიგში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, რადიკალური მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესები ზიანდება და საჭიროა, რომ ყველა პარტიამ საკუთარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს.

"ჩვენ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე დავეხმაროთ. რადიკალური მოქმედებებით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესები ზიანდება. თუ ვინმე ფიქრობს, ან "ლელო" ან სხვა, რომ ეს ახლა ყველაზე სასიამოვნო პროცესია - ძალიან შემცდარა, მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები