ახალი პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს, სავარაუდოდ, მას შემდეგ წარადგენს, რაც 1 თებერვალს პარტიის ყრილობაზე მხარდაჭერას მიიღებს და ოფიციალურად დასახელდება პრემიერობის კანდიდატად. თავად ირაკლი კობახიძე დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. "ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რომ გადაწყვეტილება სამთავრობო ცვლილებაზე 24 იანვარს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
სამთავრობო ცვლილებები მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ოპოზიციაში თვლიან, რომ ცვლილება სახელისუფლებო გუნდში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ჩანაცვლებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ყველა პრემიერი ერთი პოლიტიკის გამტარებელი იქნება.
ცვლილებები, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ქვეყნის და პარალელურად, ასევე პარტიის გაძლიერებას ემსახურება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუნდს არაერთი პროფესიონალი კადრი ჰყავს, რომელიც საპასუხისმგებლო თანამდებობებს ღირსეულად გაუძღვება.
პროცედურის მიხედვით, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დასამტკიცებლად პოლიტსაბჭოს წარუდგენს, რის შემდეგაც პროცესები საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს.
პარლამენტში გაიმართება კომიტეტის სხდომები, მთავრობის მეთაურობის კანდიდატი საკუთარ გუნდთან ერთად შეხვდება ოპოზიციასა და მმართველი ძალის წარმომადგენლებს, ამის შემდეგ საკითხი უკვე კენჭისყრაზე დგება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს სწორედ ამ ყველა საფეხურის გავლის შემდეგ დაიკავებს, მას პარლამენტიდან დეპუტატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.