პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშობას განაგრძობს. საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუ ვის როგორ წარმოუდგენია ბრიუსელის დავალების შესრულება.
9 პუნქტიდან საკანონმდებლო ორგანომ სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ისინი მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას მიყვებიან და უზრუნველყოფენ ისეთი ფორმატის არსებობას, სადაც ყველა მხარეს საკუთარი ხედვების წარდგენის შესაძლებლობა ექნება.
დეპოლარიზაციაზე და მისი მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა შეხვედრაზე ყურადღება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, არ დარჩათ განცდა, რომ პოლარიზაციის შემცირება პოლიტიკური სპექტრის ინტერესის საგანია.
სკეპტიკური განწყობაა საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილშიც, თუმცა მზად არიან სამუშაო ფორმატში დარჩენისთვის. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა პოზიცია შეცვალეს და ამჯერად, 9 რეკომენდაციაზე მუშაობის მზაობა გამოთქვეს. ამბობენ, რომ ახლა მთავარია ყველას მიზანი საქმეზე ორიენტირება იყოს.
მაქსიმალური ჩართულობისა და კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებენ ოპონენტებს მმართველი პარტიის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის მიზანია, 9 დათქმის შესასრულებლად საჭირო ყველა საკანონმდებლო ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღონ.
ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელმაც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უნდობლობა გამოუცხადა "ლელოა". პარტიამ განცხადება შეხვედრის პარალელურად გააკეთა. "ლელოში" მიიჩნევენ, რომ 9 პუნქტის შესრულებას სხვა პოლიტიკურ რეალობაში დამოუკიდებლად შეძლებენ.
სანიმუშო დესტრუქციულობა - სწორედ ასე შეაფასეს მმართველ პარტიაში "ლელოს" ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, მამუკა ხაზარაძის გუნდი საბოტაჟით "ნაციონალურ მოძრაობასაც" უსწრებს.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის გარდა, 9 დათქმაზე მუშაობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პარლამენტი "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობს და სწორედ ამ ორგანიზაციაში შემავალი ენჯეოების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა სამუშაო ჯგუფებში მიიღონ მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შესრულების მხრივ მესამე სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს.
ევროკომისიის 9 დათქმასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა 2 კვირის შემდეგაა დაგეგმილი.