16 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
"ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები, რადგან ეს ადამიანები პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ" - დავით ხაჯიშვილი

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება. გიორგი გახარიას გუნდი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის დამტკიცების პროცესს დაესწრებიან, იმისთვის, რომ მწვავე კითხვები დაუსვან მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

"ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისთვისაც საპარლამენტო მუშაობას ჩვენ ვიყენებთ, არის ამ ხალხის ლუსტრაცია და საზოგადოებისთვის ჩვენება, რომ ამ ხალხს უბრალოდ სიმართლის ეშინია," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ენმ-ში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება პრემიერი ან მინისტრები, რადგან რეალურ პრობლემებს, მათი შეფასებით, ახლანდელი მთავრობა ვერ აგვარებს.

"ჩვენი მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრები, იმიტომ,რომ ეს ადამიანები ვერ გადაწყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებიც აქვს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის ეკონომიკური პრობლემები, გაზრდილი ფასები, არ არის ღირსეული სამუშაოები. ეს ადამიანები ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ," - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებული დეტალები ხვალინდელი ყრილობის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. პრემიერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ, ირაკლი კობახიძე საკუთარ გუნდს პარლამენტს წარუდგენს. პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლებამდე, გადაწყვეტილებები ხვალ "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე უნდა გაფორმდეს. სწორედ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა დაასახელოს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ყრილობაზევე მოხდება მთავრობის უკვე ყოფილი მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევაც.

დღის ამბები