პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადადგმული ნაბიჯების შედეგად საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს.
მისივე თქმით, სოციალურ კვლევებზე დაყრდნობით შეუძლია თქვას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში კვლავ უმრავლესობით მოვა.
"ის პროგნოზები, რომელსაც ვაკეთებთ, დამყარებულია სოციოლოგიურ კვლევებზე, ეს ის საზომია, რომელიც კონკრეტულად გაძლევს საშუალებას, რომ გაზომო შენი რეალური მდგომარეობა კონკრეტულ მომენტში, ამავდროულად ის ობიექტურო მოცემულობა, რასაც "ქართულმა ოცნებამ" თავის მმართველობის პერიოდში მიაღწია. რამდენიმე ფუნდამენტური საკითხს შევეხები: ეს არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ორი წლის განმავლობაში. შარშან, როგორც სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ბოლო მონაცემები გამოქვეყნდა, გვქონდა 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ბევრად უფრო დაბლაა, ქვეყნის ეროვნული საგარეო ვალი მცირდება, მაკროეკონომიკური პარამეტრები არის მყარი, ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე პროდუქტის გადაანგარიშება წლიდან წლამდე იზრდება, ფართო სოციალური პროგრამები არის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ინერგება დაწყებული, ყოველწლიური ინდექსაცია, ხელფასების ზრდა, პენსიების ზრდა, ათასგვარი სოციალურ პროგრამები ჯანდაცვის მიმართულებით და ა.შ, რა თქმა უნდა, ასევე ისეთი გეოპოლიტიკური წარმატება, როგორიც გახლავთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიღწევა, მთელი რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყნის როლის გამოკვეთა, ამ ძალიან მძიმე და დაპირისპირებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ დაინახა ოპოზიციური პარტიების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას აზიანებდა.
"ხელოვნური ბარიერები შემოაქვთ ხოლმე, რომ ორჯერ ან მეტჯერ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვო არჩევნებში. გახსოვთ ხომ [იძახდნენ] მესამე ვადით დასავლეთი არ დაუშვებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას- საკითხის ასე დაყენება უკვე ნიშნავს იმას, რომ თურმე საქართველოში ხელისუფლების ბედი დამოკიდებულია არა ქართველი ხალხის არჩევნებზე, არამედ ვიღაც მესამის გადაწყვეტილებაზე. ასეთი არადემოკრატიული და კონსპირაციული თეორიებით მსჯელობენ ოპოზიციის წარმომადგენლების ძალიან დიდი ნაწილი. ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას ყველა ეტაპზე წარმატებისთვის ვერ მიეღწია და ამით ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ხელისუფლების ჩავარდნა და ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებოდნენ ამ გზით. ამ ფონზე ამომრჩეველი ხედავს, რომ უკეთესი არჩევანი ოპოზიციაში არ აქვს და ეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად დაასახელა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.