23 ივნისი 2026,   18:21
ვრცლად
ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია

ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი, La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული მედიაპლატფორმა, საქართველოში La Gazzetta dello Sport Georgia-ს სახელით გამოიცემა და სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურ ამბებს, ანალიზებსა და ისტორიებს შესთავაზებს.

პრეზენტაციას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, La Gazzetta dello Sport-ის ფრენჩაიზი სწორედ მათ მოიპოვეს. 

"SMH Sports-მა მოვიპოვეთ ფრენჩაიზი. ევრაზიის ტერიტორიაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო საქართველოთი, შესაბამისად, საქართველოში გაკეთებულიყო ჰაბი "La Gazzetta" ევრაზიაში", - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

La Gazzetta dello Sport-ის რედაქტორის, ჯანლუკა ვარანობის განცხადებით, საქართველო საუკეთესო ადგილია პროექტის განსახორციელებლად.

"მე ვარ ამაყი, ვიყო დღეს აქ. ჩვენ აღვნიშნავთ La Gazzetta dello Georgia-ს პრეზენტაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საქართველოდან - ულამაზესი ქვეყანა და საუკეთესო ადგილია ამ პროექტის განსახორციელებლად", - აცხადებს La Gazzetta dello Sport-ის რედაქტორი ჯანლუკა ვარანობ.

ვეტერანი ფეხბურთელის ჯანლუკა ძამბროტას განცხადებით, La Gazzetta dello Sport-ის საქართველოში ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

"La Gazzetta dello Sport-ი იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაზეთია. მისი საქართველოში შემოსვლა ძალიან გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას და ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა.

პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის მერი, კახა კალაძეც. მისი განცხადებით, ასეთი პროექტები  ქართული სპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

"ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ La Gazzetta dello Sport-ი საქართველოში უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. მინდა, მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას," - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები