მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.
პარტიის დელეგატებმა, "ქართული ოცნების" მერვე ყრილობაზე, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კობახიძეს მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
"პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის, მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას. გასულ წლებში, გუნდის თითოეულმა წევრმა ჩადო თავისი წილი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ დღეს საქართველოს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, პირველ რიგში, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა პარტიის დამფუძნებელს ამისათვის!
გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მადლობას გადავუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამწლიანი უაღრესად წარმატებული მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე , რამაც ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო წარმატება მოუტანა, უღრმესი მადლობა თქვენ. მადლობა პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თითოეულ წევრს, ყრილობის ყველა დელეგატს.
ყველა ის მიღწევა, რომელიც ჰქონდა ჩვენს გუნდსა და ქვეყანას უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი. ამ ერთიანობისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ თქვენგანს - მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტიის რიგით წევრებს და მხარდამჭერებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს.
წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის.
რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება იყოს გამოხატული:
- პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო:
- ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად;
- ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს;
- მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არცერთი ადამიანი არ ცხოვრობს სიღარიბეში.
გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გამოცხადებული ნდობისთვის! გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.