16 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში - საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე მთავარი ლოკაცია დღეს ჰოლბრუკის ქუჩა იყო

თბილისში, ჰოლბრუკის ქუჩაზე დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა, გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ლოკაციაზე მოქმედებდა ქოლცენტრი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პენსიონერებს, დიდი ოდენობით თანხებს მოტყუებით სძალავდა. თაღლითური ქსელი სატელეფონო ზარებით სამიზნე ობიექტებს არწმუნებდა, რომ დანაზოგი საინვესტიციო პლატფორმებში დაებანდებინათ, სინამდვილეში კი თანხები თაღლითების საბანკო ანგარიშებზე ირიცხებოდა.

ჰოლბრუკის ქუჩაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და დოკუმენტაცია ამოიღეს. წინასწარი ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმეში ფიგურირებს რამდენიმე იურიდიული და ფიზიკური პირი. სპეცოპერაციის ადგილზე ორგანიზაციის ადვოკატებიც გამოცხადდნენ, თუმცა მათ არ დაუზუსტებიათ, თუ ვის ინტერესებს იცავენ კონკრეტულად. თბილისში რამდენიმე ობიექტზე ჩატარებული სპეცოპერაცია იმ საერთაშორისო გამოძიების ნაწილია, რომელიც ერთდროულად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

ქოლცენტრების ქსელის ძველი და ახალი ფიგურანტების ვინაობა გამოძიებას არ დაუკონკრეტებია, თუმცა საქმის პროკურორმა დაადასტურა, რომ საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე. საქართველოს ტერიტორიაზე ეს პირველი სპეცოპერაცია არ არის, რომელიც ევროჯასთის მხარდაჭერით და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ქოლცენტრების საქმეზე ჩატარდა.

მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაჩხრიკეს ათობით ობიექტი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს არაერთი პირი. ასევე, გერმანული მხარის მოთხოვნით, საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა სომხეთშიც, სადაც დაახლოებით ერთი თვის წინ ქოლცენტრების საქმეზე საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქე, მიშა ბენიაშვილი, იგივე მიხეილ ბინიამინი დააკავეს. ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია და მასთან ერთად ფიგურირებს "ბიბისის" გახმაურებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელიც ქოლცენტრების თაღლითურ სქემას ეხებოდა.

დღის ამბები