23 დეკემბერი 2024,   07:54
ვრცლად
ცივი იარაღით მიყენებული 4 ჭრილობა და სასიკვდილოდ მიტოვებული 21 წლის ბიჭი - "კურიერი P.S-მა" ორბელიანზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის ამსახველი ჩანაწერი მოიპოვა

21 წლის ბიჭი თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე დანის 4 დარტყმით მოკლეს. ნიკა აგიევი მალევე გარდაიცვალა. შემზარავი დანაშაული არაერთმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. "კურიერი P.S-მა" საქმის მასალებიდან მკვლელობის ამსახველი ჩანაწერი მოიპოვა.

25 იანვარი, თბილისი, დღის 17:00 საათი - ნიკა აგიევი მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მიდის. მას რამდენიმე წამში თავს ესხმიან, დანის პირველი დარტყმის შემდეგ ასფალტზე ეცემა, ახერხებს წამოდგომას, თუმცა სავარაუდოდ ამ დროს თავდამსხმელი კიდევ სამჯერ დარტყმას ახერხებს და გარბის. დაჭრილი შველას ითხოვს, ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

დაჭრილის დასახმარებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ და 112-ში დარეკეს. სასწრაფო მალევე მივიდა, თუმცა 21 წლის ახალგაზრდა მიყენებული ჭრილობებით სისხლისგან დაიცალა, გონება დაკარგა და კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითმხილველი ჩვენებაში დეტალებს აღწერს.

დამნაშავის იდენტიფიცირება სამართალდამცველებმა მალევე შეძლეს - ის 18 წლის სანდრო პაკელიანია, რომელიც დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე წუთით ადრე, სამ მეგობართან ერთად ორბელიანის მოედანზე ფიქსირდება. კადრებში პაკელიანის ერთ-ერთ მეგობარს ყვავილების თაიგული უჭირავს. რამდენიმე წუთში ხვდებიან ისინი ნიკა აგიევს. სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ, სანამ ექიმები სისხლისგან დაცლილი ბიჭის გადარჩენას ცდილობდნენ, სავარაუდო დამნაშავე და მისი თანმხლები პირები სანაპიროსკენ გარბიან. ამ დროს თაიგული უკვე პაკელიანს უჭირავს და გამოძიების ვარაუდით, სწორედ ამ თაიგულში მალავს ის მკვლელობის იარაღს.

კადრების მიხედვით, პაკელიანი და მისი მეგობრები ტაქსიში მშრალ ხიდზე სხდებიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ავტომობილს რამდენჯერმე იცვლიან და წყნეთის მიმართულებით მიდიან. საბოლოოდ კი, დამალვის მიზნით, ერთ-ერთი ახალგაზრდის ნათესავთან სოფელ წინწყაროში წასვლას გეგმავენ. გზად ხევში გადაყარეს ტელეფონები და შესაძლოა მკვლელობის იარაღი დანაც.

სანდრო პაკელიანი და მისი მეგობრები სოფელ წინწყაროში დაბინავდნენ, ივახშმეს და დასაძინებლად წავიდნენ, ისე, რომ მასპინძლისთვის მომხდარზე არაფერი უთქვამთ. მასალების მიხედვით, რომ არა პოლიცია, ისინი სოფელში დარჩენას რამდენიმე დღე აპირებდნენ. თუმცა სამართალდამცველები მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სოფელში მივიდნენ. ჩატარდა ჩხრეკა - სტუმრები და მასპინძელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. გუჯეჯიანების ოჯახში, სადაც მკვლელობის შემდეგ, ახალგაზრდები მივიდნენ, "კურიერი P.S-ს" უყვებიან, რომ სტუმრებისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, სანდრო პაკელიანი დააკავეს და მას განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინეს. დაკავებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. გამოჰკითხეს მისი თანმხლები პირებიც. "კურიერი P.S-მა" ერთ-ერთი მათგანის, ნიკოლოზ ბუაჩიძის ჩვენება მოიპოვა, სადაც საქმის ფიგურანტი მომხდარის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბუაჩიძის გარდა, მკვლელობის დროს პაკელიანს კიდევ 2 პირი ახლდა - შოთა კოპაძე და ერთი არასრულწლოვანი. რა როლი ჰქონდათ მკვლელობაში ბრალდებულის თანმხლებ პირებს მომხდარში, ეს ჯერ კიდევ ძიების საგანია და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა, სასამართლო სხდომაზე მოკლული ნიკა აგიევის ოჯახს მიუსამძიმრა, ბრალდებას კი დუმილით უპასუხა. ამ სხდომიდან ერთი თვე გავიდა და ის ისევ დუმს. "კურიერი P.S-ის" შეკითხვებს არც მისმა ადვოკატმა უპასუხა.

დედა საბერძნეთში იყო, როდესაც 3 წლის უნახავი შვილის მკვლელობის შესახებ, სოციალური ქსელით გაიგო. საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდა. შვილის დაკრძალვის შემდეგ, მშობელს საგამოძიებო უწყებაში შემზარავი კადრები აჩვენეს, თუ როგორ კლავენ 21 წლის ახალგაზრდას დიდი ზომის ცივი იარაღით. შვილმკვდარი დედა "კურიერი P.S-ს" უყვება, მისი შვილის მკვლელობა პაკელიანმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სცადა. რა იყო ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ოჯახმა არ იცის.

ნიკა აგიევის მკვლელობამდე, მისი დაჭრის შესახებ პროკურატურამ ინფორმაცია მოიძია. მთავარი ფიგურანტი იმ საქმეშიც სანდრო პაკელიანია, რომელიც დანის უკანონო ტარებაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად რამდენჯერმე ცნეს.

ნიკა აგიევის მკვლელობის საქმის არსებით განხილვას სასამართლო რამდენიმე კვირაში დაიწყებს. სანდრო პაკელიანმა შესაძლოა ბედი ნაფიც მსაჯულებს მიანდოს.

დღის ამბები