ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ და მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს.
"სად მივდივართ?!" - ამ სიტყვებით ქართულად მიმართა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დემონსტრანტებს, რაზეც პროტესტის მონაწილეებმა - "ევროპაში" უპასუხეს.
"უკრაინელები ყოველდღიურად იღუპებიან უფლებისთვის იყვნენ თავისუფალი ევროპელები. ბელარუსები, რომლებმაც გაბედეს ოცნება და თავისუფლად საუბარი პოლიციისა და "კაგებეს" ტერორით გააჩუმეს. არ მინდა ეს საქართველოს მომავალი გახდეს. არ მსურს ფუნდამენტური აცდენა მოხდეს.
ქართველების სურვილს შორის, ჰქონდეთ ევროპული მომავალი და მთავრობის პოლიტიკას შორის, რომლებიც ქვეყანას ყოფენ, ჩვენ თქვენ არასდროს დაგტოვებთ. ყველამ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს ევროპული მომავალი მიმდინარე პოლიტიკის გამო, სანამ გვიან არაა. გეკითხებით, სად მივდივართ?!" - მიმართა მოქალაქეებს გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ამასთან, მოქალაქეებს მიმართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ევროპა საქართველოს არასდროს დატოვებს მარტო.
"აქ ჩამოვედი იმიტომ, რომ გამოვხატო სოლიდარობა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. მე პატარა ქვეყნიდან ვარ, იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, ქართველი ხალხიც იზიარებს - ადამიანის უფლებები, თავისუფლება, დემოკრატია. კანონის უზენაესობა მთავარი ფუნდამენტია კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის. ეს ისლანდიაში კარგად ვიცით. აქ ვართ, როგორც ქართველების მეგობრები და ჩამოვედით, რომ მხარი დაგიჭიროთ. ჩემი აქ ყოფნა სიმბოლური ჟესტია იმისთვის, რომ გითხრათ, მარტო არ ხართ. ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს პატივისცემისთვის," - აღნიშნა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორდის კოლბრუნ რეიკფორდ გილფადოტირმა.
გარდა ამისა, შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართველი და ესტონელი მოქალაქეები საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მისი ქვეყანა საქართველოს მხარს უჭერს ევროატლანტიკურ გზაზე.