19 დეკემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ დოკუმენტი უკეთესი გახდეს - იაგო ხვიჩია პრეზიდენტის ინიციატივაზე

მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

"სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის რამენაირად ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ კოლეგებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას.

ცხადია, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს. ჩვენი მოსაზრებები შესაბამისობაში თუ იქნება სხვების ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, ამ დოკუმენტზე არც ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, მიხეილ დაუშვილის შეფასებით, რეფორმების განხორციელებას ცხადია მხარს უჭერენ, თუმცა, ქარტიასთან დაკავშირებით კითხვებიც აქვთ.

"ამ რეფორმების განხორციელებას ცხადია ჩვენ მხარს დავუჭერთ, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერას, ქარტიაზე ხელმოწერას ანუ ამ ნაწილში შეერთებას, იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაცია არის საჭირო. პირველ რიგში გვექნება კომუნიკაცია და ამის შემდგომ გეტყვით უკვე რა იქნება ჩვენი პოზიცია უშუალოდ ქარტიის მხარდაჭერის და შეერთების ნაწილში," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარტიებს ქართული ქარტია წარუდგინა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ, ისინი ტექნიკურ მთავრობას შექმნიან, გააუქმებენ გამჭვირვალობის შესახებ და სხვა კანონებს. იმუშავებენ რეფორმებზე, რის მერეც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ.

დღის ამბები