26 დეკემბერი 2024,   18:52
ვრცლად
იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ - რას ამბობენ სასამართლოში დაკითხულთა ადვოკატები

იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსული უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილი და მისი ადვოკატი ადასტურებენ, რომ გამოძიების შეკითხვები "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისa და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში, ადვოკატები და გამოკითხული პირები არ აკონკრეტებდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობდა.

მხოლოდ მედიის კითხვებისა და მცდელობის შედეგად, დღეს, გამოკითხვიდან გამოსულმა კახაბრიშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა საჯაროდ დაადასტურეს, რომ გამოძიება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს.

"იყო დასახელებული კონკრეტული პირები, ჩამოთვალეს რამდენიმე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე უფრო არის საუბარი", - განაცხადა გელა კახაბრიშვილმა.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დასმული კითხვებით ირკვევა, რომ "საქართველოში, თითქოსდა, ტერორისტული აქტი იგეგმება ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ".

"ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ "ქართული ოცნების" მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი "ქართული ოცნების" თანათავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც ხელისუფლების გადატრიალება უნდა მოხდეს. ჰკითხეს, ხომ არ აქვთ უკრაინაში მყოფ მებრძოლებთან კომუნიკაცია და სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან ურთიერთობა. მე მესმის, რომ შეიძლება ,იყოს ინფორმაცია, განცხადება, რომელზეც ძალოვანმა სტრუქტურამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს და მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, ეს განცხადება და ინფორმაცია რამდენად რეალურია", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები