ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსება შეუჩერდეს, შეფასებები კეთდება საპარლამენტო ოპოზიციაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით კი, ლოგიკას მოკლებული და გაუგებარია, რა კავშირი აქვს ლაბორატორიის დაფინანსებას გამჭვირვალობის კანონთან. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვაც თუ რას უნდა მოხმარებოდა ეს 95 მილიონი.
"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი დაფინანსების საკითხს ხელისუფლებაზე ზეწოლას უკავშირებს.
"სამწუხაროდ, როგორც წესი, არგუმენტებს არ იძლევა ამერიკული მხარე. არც ლუგართან დაკავშირებით, არც თავდაცვის დაუფინანსებლობასთან დაკავშირებით და არც სანქციებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ არგუმენტს არ ამბობ და ისე ამბობ კარგ საქმეზე უარს - დაფინანსებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ერთგვარი პროვოცირება.
მაშინ, როდესაც შენ ქართველ ჯარისკაცს ეუბნები, რომელმაც ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადო მსოფლიო მშვიდობისთვის - არ გიყიდი იარაღს, სამაგიეროდ, გიგაურს ეუბნები, რომ უყიდი "მოლოტოვის კოქტეილს" და როცა ეუბნები ქართველ ხალხს, რომ აღარ დაგიფინანსებ ლუგარის ლაბორატორიას, მაგრამ, სამაგიეროდ ეუბნები ლომჯარიას, რომ "ბომბების წვიმას" დაგიფინანსებ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამას ძალიან კარგად ხედავს.
ეს არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და პირდაპირი მითითება მეორე ფრონტზე. ეს ზეწოლა იქნება 26 ოქტომბრამდე და დარწმუნებულები ვართ, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შემდგომ, აუცილებლად შეიცვლება რიტორიკა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.