27 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი, რომელმაც ქალაქში კარიერას სოფლის სკოლის დირექტორობა არჩია

23 წლის ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორია - შესაბამისად, გადავწყვიტეთ, საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი გაგაცნოთ. 

ინტერვიუში ყველაზე ახალგაზრდა სკოლის დირექტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს და, ასევე, სამომავლო გეგმებსა და დირბის სკოლის საჭიროებებზე გვიამბობს.

ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად 2 თვის წინ დაინიშნა. მანამდე, 3 წლის განმავლობაში, 19 წლის ასაკიდან, მასწავლებლად მუშაობდა და, პარალელურად, აბიტურიენტებსაც ამზადებდა. 

როგორი იყო გზა დირექტორობამდე - ლევან ყაულაშვილი გვიყვება, რომ რეგისტრაციის შემდეგ, დირექტორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რის შემდგომაც საკუთარი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის წარდგენა გასაუბრებაზე მოუწია. 

რა აკავშირებს იმ სოფელთან, სადაც დირექტორი გახდა?

"აღნიშნულ სოფელთან კონკრეტული არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ ქარელი ჩემი მუნიციპალიტეტია, მე თვითონ სოფელ მოხისიდან ვარ, დირბი კი ჩემს სოფელთან ძალიან ახლოსაა. სკოლის პოტენციალმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, დიდი სოფელია და აღნიშნულ სკოლას საკუთარი თავის გამოვლენის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მომეცემა.

ჩემი რაიონია, ჩემმა რაიონმა მომცა განათლება, მიყვარს ეს ადგილი და არ შეიძლება, რომ ყველას მხოლოდ თბილისი უნდოდეს," - აცხადებს ლევან ყაულაშვილი.

რატომ გააკეთა არჩევანი სოფლის სკოლაზე, რა გეგმები აქვს?

"თბილისში კადრების სიმცირე ნამდვილად არ არის, უმეტესი ნაწილი, ვისაც ამ პროფესიაში უნდა განვითარება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ირჩევს თბილისს. მე სოფელი ავირჩიე, თვითონაც სოფლის სკოლა დავამთავრე. ვფიქრობ, რომ სოფლის სკოლებს მეტი ყურადღება სჭირდება. აქ, შედარებით, კადრების სიმცირეცაა, მით უმეტეს - ახალგაზრდების. ჩემს სკოლაშიც სულ რამდენიმე ახალგაზრდა მასწავლებელია. ვფიქრობ, საკმარისი მოტივაცია და სურვილი გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ვისწავლოთ და ვასწავლოთ," - ამბობს სკოლის დირექტორი.

როგორ შეხვდნენ სკოლაში მის დირექტორობას?

"სოფლის კვალობაზე, სკოლას პოტენციალი აქვს. 400-მდე მოსწავლე სწავლობს. კოლექტივი ძალიან კარგად და დადებითად დამხვდა. მათთანაც წარვადგინე ჩემი ხედვა, ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს. კარგი კოლექტივია, ასევე, ძალიან დადებითად შემხვდა წინა დირექტორიც, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია," - აცხადებს ყაულაშვილი.

და ბოლოს, რა მიზნები აქვს სკოლასთან დაკავშირებით?

"მე ჩინურს ვფლობ, საერთაშორისო გამოცდა ჩაბარებული მაქვს. ვაპირებ, სილაბუსი შევადგინო და არჩევით საგნად სკოლაში ჩინური ენის შესწავლა შევიტანო.

ასევე, ჩემი მიზანია, რომ სოფელ დირბის სკოლა, აკადემიური მოსწრებით, ქარელის მუნიციპალიტეტის წარმატებული სკოლების სამეულში შევიდეს. აუცილებლად მინდა, რომ სკოლა ჩავრთო სხვადასხვა პროექტში, მათ შორის, არაფორმალური განათლების პროექტებში," - ამბობს სკოლის დირექტორი. 

 

დღის ამბები