"შუქრუთისა" და "კოროხნალის" მაღაროებში მიწის მასის ჩამოქცევის პროცესები დაიწყო. ხუთ თვეზე მეტია ჭიათურაში, ორ მაღაროში გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
კომპანიის ინფორმაციით, რადიკალურ ჯგუფს მაღაროები თვითნებურად აქვს გადაკეტილი და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" მუშაობის უფლებას არ აძლევს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ თუ მაღაროებს ყოველდღიურად არ გაამაგრებენ, კიდევ უფრო გაიზრდება გვირაბების ჩამოქცევის, დატბორვის და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების საფრთხე. მაღაროებში გამორთულია განიავების სისტემებიც.
კომპანიამ არაერთხელ სცადა მაღაროების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა პროტესტის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
"მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ორგანიზებული მოქმედების" ბრალდებით პროკურატურამ მათ ბრალი წაუყენა, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"მაღარო პარალიზებულია და არ გვაქვს მუშაობის საშუალება. ხდება მაღაროში ვენტილაციის გამორთვა და აგრეთვე მაღაროში მუშა პერსონალის არშეშვება. გამაგრებითი სამუშაოები ვერ ტარდება, შესაბამისად მაღაროს ყველა უბანში მოხდა ჩამოქცევა, რამაც მაღაროს ჩაკეტვა გამოიწვია. მაღაროს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება," - აცხადებს ერთ-ერთი სპეციალისტი.