30 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" დიდმა გუნდმა ახალი სეზონის დროის ათვლა დაიწყო - რა სიურპრიზებს გთავაზობთ ტელეკომპანია

"რუსთავი 2-მა" ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო! ხვალ დილიდან, ტრადიციულად, პირველები "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანები მოგესალმებიან - ბევრი სიახლით, მათ შორის, იხილავთ ახალ წამყვანს, რომელიც ყველას გიყვართ.

ახალ სეზონზე სიახლეები აქვს გადაცემა "შუადღესაც", თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის.

24 სექტემბრიდან, ყოველ სამშაბათს, "რუსთავი 2-ის" ეთერში "ნიჭიერი" ბრუნდება.

ინტერნეტსივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იუმორისტული სერიალი "კეთილები", ახალი სეზონიდან, მაყურებელს "რუსთავი2-ზე" ელოდება.

სიახლეა ახალი ჩელენჯ შოუ "ერთი-ერთზე". ახალი წამყვანებით და სახალისო, ან - არც ისე სახალისო თამაშებით.

პაატა გულიაშვილი იმერულ ამბებში არა, მაგრამ კახურში ისევ გამოჩნდება, "ჭიჭიკიასა და ბიჭიკიას" კი კადრს მიღმა ეპაექრება.

იუმორის შემქმნელებისგან არხზე სიცილი და პოზიტივი ახალ სეზონზე დიდი დოზით იქნება. "მიხო და მარო" კვირაში უკვე სამჯერ გავა, კახური იუმორის საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას იქნება. ოთხშაბათს "პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუ" გიმასპინძლებთ.

ანეკდოტების შოუ ყოველ კვირას და იუმორს მაყურებლის მონაწილეობით, სადაც სიცილი მომგებიანია, ტრადიციულად, "ორშაბათობას" ნახავთ.

დიდი გასტრონომიული გასეირნება იქნება ყოველ შაბათს, "შეფების ლიგის" სახელით, ახალი სახეებით, გემოების შეჯიბრითა და მხოლოდ ერთის გამარჯვებით.

ისევ უნდა დაელოდოთ დოკუმენტური ფილმების სერიას თომა ჩაგელიშვილისგან, ყოველი თვის ბოლო კვირას.

ყოველ ორშაბათს, 10:00 საათზე, მაყურებელს არხის ყველაზე პატარა წამყვანი უმასპინძლებს გადაცემაში "დათის შოუ".

გრძელდება მუსიკალური შოუებიც - "რუსთავი 2-ზე" ისევ იმღერებს გული და გაიჟღერებს "გვაჩვენე შენი ხმა".

ისევ შეძლებთ, ჩაეწეროთ კონსულტაციაზე "ნამდვილ ექიმებთან", შაბათ-კვირას. არხზე ყოველი დღე დაიწყება "დილა მშვიდობისა საქართველოთი", გუნდის ახალი წევრით, შემდეგ იქნება "შუადღე".

დილის 8:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე, ახალ და მნიშვნელოვან სიახლეებს ობიექტურად გაგაცნობთ "კურიერის" გუნდი, ოთხშაბათს კი, პოლიტიკოსები ნინო შუბლაძის კითხვებს უპასუხებენ.

გასულ კვირას, საღამოს 9-ზე შეაჯამებს "კურიერი P.S".

ახალ სეზონზე არხი ემშვიდობება მისამართს, სადაც "რუსთავი 2-ის" დედაქალაქში დასახლების დღიდან მუშაობს ტელეკომპანიის ტვინი, ანუ საეთერო. ამიერიდან, "რუსთავი 2-ის" ერთადერთი მისამართია ზურაბ ანჯაფარიძის 5ა.

ტექნიკური განახლებით, ძველი თუ ახალი პროექტებით, ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ სახეებთან ერთად, "რუსთავი 2-ის" დიდმა გუნდმა ახალი სეზონის დროის ათვლა ერთი საათის წინ, კურიერი P.S.-ით დაიწყო.

დღის ამბები