14 ოქტომბერი 2024,   17:48
ვრცლად
წინასაარჩევნო პროცესში ხელის შეშლისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, სახელისუფლებო გუნდი რეაგირებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ელოდება

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის ბრალდების ადრესატი გვარამია-მელიას გუნდია. მიზეზი - სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა. წინასაარჩევნო პროცესში ხელის შეშლისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო, დედაქალაქის მერი რეაგირებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ელოდება.

სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტი, რომელზეც კახა კალაძე საუბრობს, კადრებშია ასახული. ფოტო-ვიდეო მასალაში, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, ჩანან საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ანა გოგოლაძე, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატებს თავად აზიანებს. დეპუტატი პლაკატების ჩამოხევის ფაქტს ადასტურებს, ყოფილი მოსამართლე კი, განმარტებებზე უარს ამბობს.

გვარამია-მელიას გუნდის "ემოციური პროტესტი" არასერიოზულია ოპოზიციის ნაწილისთვის. "გირჩი" ფიქრობს, რომ საარჩევნო თამაშის წესები ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას. "ახალის" ახალ და ძველ სახეებს კი ურჩევს - პარტიის რესურსი საკუთარ კამპანიას მოახმარონ. განსხვავებული დამოკიდებულება აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", სადაც ყოფილი თანაგუნდელების ქმედებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პლაკატების ჩამოხევა საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულებაა. ამის გამო, სახელისუფლებო გუნდი რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ელოდება. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორია.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტს, ამ დრომდე, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

დღის ამბები