22 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ჩვენ უკვე გადახდილი გვაქვს დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე ზიანის ანაზღაურების სახით, მათ შორის ეს თანხები მიღებული აქვთ იმ პირებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან არიან - "ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიის სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შუქრუთის აქციის ჯგუფმა, რომელმაც ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა საკომპენსაციო თანხები სრულად აიღო"- აცხადებს "ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანია, რომელიც თანხის ჩარიცხვებს საბანკო ანგარიშების ამონაწერებით ადასტურებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, 281 შუქრუთელზე ჯამში გაცემულია 13 მილიონ ლარამდე კომპენსაცია.

კომპანიის ცნობით, კომპენსაციებს ავანსის სახით 2020 წლის სოფელთან შეთანხმებული მემორანდუმის საფუძველზე გასცემს. მაშინ კომპანია, ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, სოფელთან შეთანხმდა, რომ სამომავლოდ სოფლის ტერიტორიაზე მუშაობის დაწყების შესაძლებლობას მისცემდნენ.

კომპანიის ოფიციალური ინფორმაციითვე, სოფელ შუქრუთის სახლების ქვემოთ, მას შემდეგ, რაც "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში ოპერირებს, 2006 წლიდან დღემდე, მოპოვებითი სამუშაოები არ განხორციელებულა.

"კომპანია, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, მზად არის მათთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს სამართლიანი და ის პირები, ვისაც აღებული აქვთ არაერთხელ ზიანის ანაზღაურება, ჩვენ მათი მოთხოვნებიც არ ვიცით ამ ეტაპისთვის. ხოლო ის პირები, ვისცა დარჩენილი აქვთ ზიანის ანაზღაურება და ასაღები აქვთ, ჩვენ მზად ვართ მათ მოველაპარაკოთ და შესაბამისად ამ მოლაპარაკების მაგიდაზე გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. კომპანია კიდევ ერთხელ თვლის, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ მათ ასეთი რადიკალური ზომებისთვის მიემართათ არ არსებობს რეალურად, ვინაიდან კომპანია მემორანდუმით განსაზღვრულ თავის ვალდებულებებს 2020 წლიდან მოყოლებული ასრულებს. ჩვენ უკვე გადახდილი გვაქვს დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე ზიანის ანაზღაურების სახით, მათ შორის ეს თანხები მიღებული აქვთ იმ პირებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან არიან.

აქედან გამომდინარე, კომპანიის პოზიცია არის, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ბოლოს და ბოლოს გააჟღერონ მათ თავიანთი მოთხოვნები, ვინაიდან დღემდე ჩვენთვის უცნობია, თუ რას ითხოვენ ის პირები, ვისაც უკვე ზიანი ანაზღაურებული აქვთ, დამატებით რა მოთხოვნები აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ამ ხალხმა აიღო აღნიშნული თანხები, ისინი ამბობენ, რომ კომპანიამ შეწყვიტოს სამუშაოს წარმოება. თუ კომპანია შეწყვეტს მუშაობის წარმოებას, მაშინ გამოვა, რომ ნაწილს ავანსები აღებული აქვს, ნაწილს ასაღები აქვს, და გამოდის, რომ თუ კომპანია შეწყვეტს მუშაობას, ისინი ვერ დაკმაყოფილდებიან და ამ 20 კაცის გამო მთელი სოფელი დარჩება ცუდ მდგომარეობაში,“ - აცხადებს "ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიას სოციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მირიან ბიჭიკაშვილი.

"ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიის მთავარი ინჟინერი კი აცხადებს, რომ მათი სამუშაო ველი შუქრუთის და მოსახლეობის დაზიანებას ვერ მოახდენს, ვინაიდან დაცულია უსაფრთხოების ზონები.

"ჩვენი სამუშაო ველი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ და სადამდეც ვართ მისული დამუშავების სისტემით, ვერ მოახდენს შუქრუთის მოსახლეობის დაზიანებას იმიტომ, რომ დაცულია უსაფრთხო ზონა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენ სხვა უბნებზეც, მაგალითად კოროხნალი ორის და კოროხნალი ერთის ველიც, იქაც დაცულია უსაფრთხო ზონები, რომლითაც არ ხდება მოსახლეობის დაზიანება,“ - აცხადებს გელა ბუზალაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მიერ მიღებული თანხები არის ავანსის სახით გაცემული თანხა, და სრულ კომპენსაციას არ მოიცავს.

"ჩვენ ვითხოვთ ანალოგიური საცხოვრისი გარემოს შექმნას სხვა, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან კომპანიას ერთი პუნქტიც არ შეუსრულებია. ლოგიკურად ვიმსჯელოთ, თუ კომპანია ერთი პუნქტიც კი არ შეუსრულებია, ვერანაირ კომპენსაციას ვერ გასცემდა ჩვენი მიმართულებით.

სანამ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი“ კანონით გათვალისწინებით შევა, მანამდე იქ მცხოვრებს ადამიანებს უნდა შეუთანხმდეს, გადაიხადოს სრულად კომპენსაცია და ამის შემდეგ უნდა აწარმოოს დასახლებულ პუნქტში და კერძო საკუთრების ქვეშ მაგნის მოპოვებითი სამუშაოები,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები