14 ოქტომბერი 2024,   04:07
ვრცლად
დაღუპული და დაკარგული ადამიანები, წყალქვეშ ჩაძირული სახლები და მაგისტრალები - ცენტრალური ევროპა ძლიერ სტიქიას ებრძვის

ცენტრალური ევროპა სტიქიური უბედურების ზონაა - შტორმმა "ბორისმა" 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუმინეთის, პოლონეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რეგიონებში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ. მედიკოსები ათობით დაშავებულის გადარჩენას ცდილობენ.

ავსტრიის ათობით მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია 25 ათასი მაშველი და ათასამდე სამხედრო. 24 სოფელში მაშველები დატბორილი რაიონებიდან მოსახლეობის გამოყვანას ცდილობენ. რთული ვითარებაა ვენაშიც, სადაც მდინარე დუნაი კალაპოტიდან გადმოვიდა და დედაქალაქის რაიონები დატბორა.

"ბორისი" მძვინვარებს მეზობელ ჩეხეთშიც. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 51 ათასი სახლი ჩაიძირა. 63 ათასი ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პრაღაში, მდინარე ვლტავაზე, ქვიშის ტომრებით დამცავ ჯებირებს აშენებენ. მიმდინარეობს კაშხლებისა და დამბების წყლისგან დაცლაც. ამ ზომებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დედაქალაქის დატბორვისგან გადარჩენას ცდილობს.

საგანგებო მდგომარეობაა პოლონეთის რეგიონებშიც, სადაც წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ყველაზე რთული ვითარება ქალაქ კლოდზკოშია, მაშველებმა და სამხედროებმა ქალაქიდან 1 600 ადამიანის ევაკუირება შეძლეს. მას შემდეგ, რაც დატბორილ ქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო, მასშტაბური ნგრევის კვალი გამოჩნდა.

რუმინეთში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გალათის მიმდებარედ, 4 დაკარგული ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. გალათის მერის განცხადებით, ქალაქში 700 შენობა ჩაიძირა. განადგურებულია 5 ათასი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 15 ათასი ადამიანი.

გასული კვირის განმავლობაში, შტორმმა "ბორისმა", ცენტრალური ევროპის რეგიონის 7 ქვეყანაში, 250 ათასი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. წყლის ქვეშაა მოქცეული საქალაქთაშორისო მაგისტრალები, დანგრეულია ხიდები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები