"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და "ქართული ოცნების"12-წლიანი მმართველობის უმთავრეს შედეგებზე ისაუბრა.
"წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა; თავისუფალია ბიზნესი და მედია; უზრუნველყოფილია მედია პლურალიზმი; საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის შედეგად ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს; 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა;
მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით, ბიუჯეტი კი - 10 მილიარდი ლარით გაიზარდა; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური დაცვის პაკეტი; ასევე რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რითაც ქვემო ქართლის მოსახლეობა განსაკუთრებით აქტიურად სარგებლობს; ქვეყნის მასშტაბით 2012 წლიდან დღემდე განახევრდა უმუშევრობა; 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს;
როდესაც წინა ხელისუფლებას ქონდა ძალაუფლება, მაშინ მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 ათასამდე, თუმცა რა თქმა უნდა, სიღარიბის განულება არის ის, რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული შემდეგი წლების განმავლობაში, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა; "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ქვეყანას ომი არ ჰქონია, ჩვენ ქვეყანას შევუნარჩუნეთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ამ ყველაფერთან ერთად საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები შედეგი ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავარია საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, რაც 4 წლის განმავლობაში ბიუჯეტის 10 მილიარდ ლარზე მეტით გაზრდის საშუალებას მისცემს.
"მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვითარების არსებული ტემპის პირობებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს და ეს ყველაფერი მხოლოდ შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობას და სიღარიბეს მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.