13 ოქტომბერი 2024,   02:51
ვრცლად
ანა წითლიძე თანაპარტიელებთან ერთად ზუგდიდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებმა არ შეუშვეს - ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, დეპუტატი მას ფიზიკურად დაუპირისპირდა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის გამოჩენას, ზუგდიდში მდებარე ბარამიას ქუჩაზე, გუშინ ხმაური და დაპირისპირება მოყვა. კადრები, სადაც ჩანს, რომ ანა წითლიძე მოქალაქეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, დევნილთა დასახლებაშია გადაღებული. დეპუტატი ადგილობრივ თეონა ქარდავას დაუპირისპირდა, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ქარდავა "კურიერს" უყვება, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ანა წითლიძემ მას შეურაცხყოფა მიაყენა.

თეონა ქარდავას ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს ანა წითლიძე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამტკიცებს, რომ მას ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში პროვოკაცია მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა მოუწყვეს.

თავად ანა წითლიძეს კი, მმართველი გუნდის წევრები ახსენებენ, რომ პარლამენტის წევრი მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს. ზუგდიდში "ქართული ოცნების" დელეგატი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონში აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს და ყველა სადამკვირვებლო მისიას ასეთი ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.

დაპირისპირების ორგანიზებაში პირადად დავით კოდუას ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას სახელისუფლებო პარტიას აკისრებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

საპარალმენტო უმრავლესობაში არ უკვირთ, რომ დევნილ მოქალაქეებს თავის დასახლებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხილვა არ სურთ. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ადგილობრივებისგან მიღებული ინფორმაციით, ინციდენტის პროვოცირება სწორედ ოპოზიციამ გამოიწვია. 

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობა პასუხს 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე გასცემს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ გუშინ არ შეუშვა. ადგილობრივები ანა წითლიძეს და სხვა წევრებს ტერიტორიის დატოვებას ურჩევდნენ, მიზეზად კი მათი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ასახელებდნენ. თვითმხილველების ცნობით, ნაცმოძრაობის წევრებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაიწყეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

დღის ამბები