27 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ თავის ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, მტკივნეული, მიზანმიმართული სანქციების დაწესების მუქარა აუცილებელია

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი, გამოცემა The Hill-ზე თავიანთ მოსაზრებას აქვეყნებენ, სადაც საუბარია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, რამაც შესაძლოა, "ქართველი ხალხი პრორუსული მომავლისგან გადაარჩინოს."

"შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ გამოიყენებს თავის ფინანსურ ბერკეტს თავად ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც დამღუპველი იქნება ქართველი ხალხისთვის და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის", - აღნიშნავენ იან კელი და დევიდ კრამერი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მართალია, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, წლის დასაწყისში "კორუფციის, ანტიდემოკრატიული ქცევისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის" დაწესებულ სანქციებს ახალი სანქციები დაემატა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.

კელისა და კრამერის მოსაზრების თანახმად, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა დაწესებულიყო, მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლების წარმომადგენლები "საზიზღარ რიტორიკულ თავდასხმებს ახორციელებდნენ" აშშ-ის წინა ელჩის, კელი დეგნანის და კონკრეტული კონგრესმენების მიმართ. მათ მოსაზრებაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონებზე, რომლებიც "რუსული სტილის კანონებად" არის მოხსენიებული. კერძოდ, კელი და კრამიერი წერენ: "მისმა [ივანიშვილის] მმართველმა პარტიამ, დიდი პროტესტის მიუხედავად, მიიღო რუსული სტილის კანონმდებლობა - კანონი, რომელიც ავალდებულებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ როგორც „გარე გავლენის ქვეშ მყოფი აგენტები". მან ასევე მიიღო რუსული სტილის კანონი, რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიან წყვილთა მიერ შვილად აყვანას და ტრანსგენდერთა სამედიცინო მკურნალობას."

გარდა ამისა, საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებზე. ამ კონტექსტში საუბრისას, კელი და კრამერი, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად იხსენიებენ.

"ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ 2008 წლის სისხლისღვრაზე და მის შემდგომ რუსეთის ოკუპაციაზე, პასუხისმგებელი იყო წინა ხელისუფლება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი (და ახლა პოლიტპატიმარი) მიხეილ სააკაშვილი და არა რუსეთი", - აღნიშნულია The Hill-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ: "იმის დაშვებით, რომ მთელი პროდასავლური ოპოზიცია სააკაშვილს უერთდება, მისი დაპირებაა "ქართული ნიურნბერგის სასამართლო პროცესი" არჩევნებიდან მალევე."

იან კელი და დევიდ კრამერი წერენ, რომ "თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილი, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ცეცხლოვანი გამოსვლებით, საზარელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შედეგებს ჰპირდება. ასევე, ის აცხადებს, რომ აშშ და ევროპა („გლობალური ომის პარტია“) აფინანსებენ ოპოზიციის ლიდერებს და ავალებენ მათ აღადგინონ სააკაშვილის "გიჟური და სადისტური რეჟიმი" და გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთთან."

მოსაზრების ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ "ქართული ოცნება" კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას და მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ "გამოკითხვების მიხედვით, ხმების უმრავლესობას ვერ მოიპვებს." "შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. მტკივნეული, მიზანმიმართული სანქციების დაწესების საფრთხემ, შეიძლება გადაარჩინოს ქართველი ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან, რომელსაც ოლიგარქი დაჰპირდა მათ", - აღნიშნავენ კელი და კრამერი.

დღის ამბები