22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ძალადობის ფაქტი ბათუმში - ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა

ძალადობის ფაქტი ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში - ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.

ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა, დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

მოზარდის მამა გოჩა მელაძე, "კურიერთან" საუბრის დროს, ამბობს, რომ ოჯახი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგი კანონის სრული დაცვით დაისაჯოს.

"მაქსიმალურად მინდა მივაღწიო იმას, რომ მართლმსაჯულება მივიღო! ჩვენი ოჯახის წევრი როდესაც მივიდა ბავშვის გამოსაყვანად, ბავშვი იყო ატირებული და ნანერვიულები, ბიცოლას უთხრა, მასწავლებელმა გამლახაო.

ჩემი მეუღლე როდესაც მივიდა გასარკვევად, მასწავლებელი იყო აგრესიული და გაიწია ჩემი დისკენ, რის შემდეგაც ჩემებმა გამოუძახეს საპატრულოს.

გამოძიების დროს ამოიღეს კადრები სხვა ინციდენტებისაც და გაირკვა რაღაცები, რის შემდეგაც გაირკვა, რასთან გვქონდა საქმე,"- აცხადებს მოზარდის მამა.

თავად ცეკვის მასწავლებელი მერაბ დოლიძე კი აცხადებს, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

"დამანებეთ თავი, ამ ხალხმა მე გამწირა. აღარ მინდა საუბარი და არც კომენტარის გაკეთება. სასამართლო იქნება და დამტკიცდება ყველაფერი. მორჩა,"- აცხადებს ცეკვის მასწავლებელი.

ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს

დღის ამბები