25 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
რუსთაველის თეატრში ლელა თათარაიძის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

რუსთაველის თეატრში თუშური მელოდიების გამორჩეული შემსრულებლის, ლელა თათარაიძის, საიუბილეო საღამო გაიმართა.

ცნობილ ხელოვანთან ერთად, საღამოს მონაწილეთა შორის იყვნენ ეთერ თათარაიძე, ვასილ კორნიენკო, დავით კენჭიაშვილი, ანსამბლები "კესანე", "კელაპტარი", გორის ქალთა გუნდი, "ერისიონი", "ბასიანი", "რუსთავი", "ურსა", "ძირიანი", ფოლკლორის ცენტრის ახალი გუნდი, წალენჯიხისა და გორის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები.

ლელა თათარაიძეს იუბილე მოულოცა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.

ლელა თათარაიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორული ანსამბლის, "კელაპტრის", სოლისტი. მან შექმნა ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი "კესანე". არის მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორი.

თუშური სიმღერების განთქმულმა შემსრულებელმა დიდი დრო დაუთმო მშობლიური მხარის მელოდიების აღდგენა-შენარჩუნებას.

დღის ამბები