08 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
"თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურის მიერ მის საგამოძიებო უწყებაში დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურამ მას დაავალა მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების მოპოვება საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა.

ბრიფინგის დაწყებამდე პრეზიდენტმა ვიდეო მასალა წარადგინა, სადაც, სავარაუდოდ, არჩევნების დრო დარღვევების კადრებია აღბეჭდილი.

"თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ისე ვიცოდი, რომ პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება, ასეთი პრეცედენტი არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ სთხოვოს არჩევნებზე პრეზიდენტს მტკიცებულებები.

სხვათა შორის, მოვუსმინე ბორელს. მგონი, ბორელსაც უნდა კითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მტკიცებულებები მასაც გააჩნია და მისი ჩამონათვალი იმ დარღვევების, რაც არის აღნიშნული უცხოური მისიების მიერ, არის ზუსტად იგივე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო , რომელთან დაკავშირებითაც უწყებამ პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარა.

დღის ამბები